“ყოვლად უპრინციპო და პოლიტიკური მორალის არმქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ხელს არ ართმევდნენ და დღეს რაღაც დიდი პოლიტიკური ქორწინების შესახებ გამოაცხადეს” – მათიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „ლელოსთან“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანთან“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას აფასებს.
მისი შეფასებით, პოლიტიკური ძალები, რომლებსაც „პულსი არ ესინჯებათ“, არჩევნებში დამარცხდებიან.
„„ძალიან დიდი პოლიტიკური შენაძენია“ ახლა „ლელოსთვის“ ალეკო ელისაშვილი, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილისთვის – „ლელო“. ეს ხუმრობით. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც პულსი არ ესინჯებათ, მათი მხარდაჭერა ან ნულია, ან ოდნავ აცდენილია ნულს. ისინი გაერთიანდებიან, ხელს ჩამოართმევენ, რომელზედაც ამბობდნენ, რომ არ ვიზამთ ამასო, თუ არ ჩამოართმევენ და, პირიქით, ცალკე გააგრძელებენ ანტიქართულ და ანტიეროვნულ საქმიანობას – ეს საბოლოოდ ვერ შეცვლის იმ შედეგს, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება, სადაც ისინი ძალიან მძიმედ და მწარედ დამარცხდებიან ქართველი ხალხისგან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.