გივი მიქანაძე: ბოლო 3 თვის განმავლობაში იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობას ლობირებენ და საომარი მოქმედებების წინააღმდეგები არიან, არაერთი ღიად განხორციელებული ტერორისტული აქტი ვნახეთ
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.
მისი შეფასებით, “რადიკალები ლეგალურად ვერანაირად ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და ზუსტად ამიტომ აკეთებენ მკვეთრ და რადიკალურ ნაბიჯებს”.
„ეს ამბავი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ გლობალურად ისეთი მოვლენები ვითარდება, კონკრეტულად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობას ლობირებენ და საომარი მოქმედებების წინააღმდეგები არიან. აი ამ ადამიანების წინააღმდეგ ბოლო 3 თვის განმავლობაში არაერთი ღიად განხორციელებული ტერორისტული აქტი ვნახეთ, რომლის მიზანიც მათი სიცოცხლის ხელყოფა იყო.
ისინი [რადიკალები] ლეგალურად ვერანაირად ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და ზუსტად ამიტომ აკეთებენ მკვეთრ და რადიკალურ ნაბიჯებს, სადაც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე გადადიან“, – მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
ინფორმაციისთვის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოიკითხა რამდენიმე ადამიანი, იგეგმება კიდევ რამდენიმეს გამოკითხვა.