მიქანაძე – ოპოზიციაზე: რეალობას წარმოადგენს, რომ ქვეყნის პირველი პირების მიმართ იყოს დანაშაულებრივი ქმედებები, მათი სიცოცხლის ხელყოფის მიზნითაც კი
“დღეს მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ არა შეთქმულებასთან დაკავშირებით, არამედ ტერორიზმთან დაკავშირებული მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
მიქანაძის თქმით, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
“ძალიან მარტივად რომ მივუდგეთ – რატომ ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში – იმ ადამიანებისგან, რომლებიც მოწმედ იყვნენ დაბარებულები, მათი ადვოკატების მხრიდან, პოლიტიკოსების თუ ოპოზიციური მედიის მხრიდან – საკითხის საჯაროდ გაჟღერება.
მით უმეტეს, როცა ჩვენ ვიგებთ, რომ აქ საკითხი ეხებოდა ტერორისტული აქტის მზადებას “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ, ასევე, “ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ
მათ შეიძლება, ჰქონდათ გათვლა, რომ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც ტერორისტული აქტი იგეგმებოდა, ამის თაობაზე ინფორმაციას არ გაასაჯაროებდნენ, მაგრამ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ეს არ გვიკვირს, რომ რადიკალების მხრიდან ყველანაირ მცდელობას აქვს ადგილი და მათი მხრიდან რეალობას წარმოადგენს ის, რომ ქვეყნის პირველი პირების მიმართ იყოს გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებები, მათი სიცოცხლის ხელყოფის მიზნითაც კი”, – აღნიშნა მიქანაძემ.