“გაუთქმელობა რანაირი არგუმენტია, გაუთქმელობა ეხებოდა ტერორიზმს და შეთქმულებას, არა?” – მდინარაძე
„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, მათი უფლებადამცველები, თავად მოწმეები აქცენტს აკეთებდნენ, რომ შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ. დავუშვათ, ვიდრე გამოკითხვაზე მივიდოდნენ, არ იცოდნენ, გამოსვლის შემდეგ ხომ ყველამ იცოდა, რომ ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობდა და ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო გამოკითხვის პროცესშიც, როგორც მათივე ნათქვამიდან აღმოჩნდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“გაუთქმელობა რანაირი არგუმენტია, გაუთქმელობა ეხებოდა ტერორიზმს და შეთქმულებას, არა? ნახეთ ტელევიზიების ნარატივი, მხოლოდ შეთქმულებაზე საუბრობდნენ, მესამე დღეს რომ გამოჩნდა, ტერორიზმის მუხლიც იყო, შემდეგ დაიწყეს ამაზე საუბარი. სუსმაც დაადასტურა ტერორიზმის და შეთქმულების მუხლიც, პირველ დღეებში მათ რატომ დამალეს ტერორიზმის მუხლი? ვთქვათ, არ ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, დღეს ხელი არ აქვთ მოწერილი გაუთქმელობის ხელწერილზე? გუშინ ჰქონდათ და დღეს არ აქვთ, მოსამართლემ ან გამომძიებელმა მისცათ უფლება, ამაზე ილაპარაკეთო? საგულდაგულოდ მალავდნენ და ახლა იძულებული გახდნენ, ამაზე ილაპარაკონ. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. მათი მედია პირველ დღეს შეთქმულებაზე საუბრობდა, წარმოუდგენელია, არ სცოდნოდათ, რომ საუბარი იყო ტერორიზმზე და ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებზე, მათ აფეთქებასა და ამ გზით ხელისუფლების ცვლილებაზე. მალავდნენ და აწვებოდნენ შეთქმულების მუხლს, რომ შემდეგ როგორც იციან, ამაზე ეღლიცინათ, თითქოს მორიგი არარეალური და აბსტრაქტული გამოძიება იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.