ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის მომავალი საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება.
ბორელის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციაა.
„ზოგიერთს ბუდაპეშტში წასვლა სურდა, ზოგიერთს იქ წასვლა არ სურდა, ზოგიერთმა თქვა, რომ უმაღლეს წარმომადგენელს გადაეწყვიტა. მივხვდი, რომ ჩვენ სიგნალი უნდა გავგზავნოთ, თუნდაც ეს სიმბოლური იყოს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ევროკავშირის პოლიტიკის, როგორც „ომის მხარის“, უარყოფას შედეგები უნდა მოჰყვეს. გადავწყვიტე, რომ არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მოწვევა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა“, – განაცხადა ბორელმა.