მარადონას მაისური აუქციონზე გაიყიდება – ლოტის საწყისი ფასი 700 ათასი დოლარია
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის და მწვრთნელის, დიეგო მარადონას მაისური, რომელიც მას 1986 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე ეცვა, აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია Sotheby’s აუქციონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, მარადონას მაისურის აუქციონი 2 აგვისტოს დასრულდება, ხოლო ლოტის საწყისი ფასი 700 ათასი დოლარი იქნება.
Sotheby’s-ის შეფასებით, მაისურის ღირებულება 800 000-დან 1,2 მილიონ დოლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ 1986 წელს ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში არგენტინის ნაკრებმა, მარადონას დუბლის წყალობით, ბელგიელები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
თამაშის შემდეგ არგენტინელმა ფორვარდმა მაისური ბელგიის მეკარეს, ჟან-მარი პფაფს გაუცვალა და მას შემდეგ ის მეკარესთან დარჩა.
აღნიშნული ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში არგენტინელებმა გერმანელებს მოუგეს (3:2) და მსოფლიოს ჩემპიონები მეორედ გახდნენ.