კამალა ჰარისი: ბაიდენის მემკვიდრეობა თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია

ბაიდენის მემკვიდრეობა თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია თანამედროვე ისტორიაში. ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მან უკვე გადააჭარბა პრეზიდენტების უმეტესობის მემკვიდრეობას, რომლებიც ორი ვადით მსახურობდნენ.

პრეზიდენტი ბაიდენი პირველად მისი ვაჟის, ბოს მეშვეობით გავიცანი, ჩვენ ერთად ვმუშაობდით გენერალურ პროკურორებად ჩვენს შტატებში.

მაშინ, ბო ხშირად მიყვებოდა ისტორიებს მამაზე. ის მეუბნებოდა, როგორი მამაა და როგორი კაცია ჯო. ის თვისებები, რომლებსაც ბო პატივს სცემდა მამაში, იგივე თვისებებია, რასაც ყოველდღე ვხედავ ჩვენს პრეზიდენტში. მისი პატიოსნება, რწმენისა და ოჯახისადმი ერთგულება, დიდი გული და სიყვარული, ჩვენი ქვეყნის ღრმა სიყვარული – და მე პირადად მოწმე ვარ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ყოველდღე იბრძვის ამერიკელი ხალხისთვის და ღრმად მადლობელი ვარ ჩვენი ერისადმი მის მიერ გაწეული სამსახურისთვის“, – აღნიშნა ჰარისმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები