გაქცეული მონა, რომელმაც ასობით სხვა მონა გაათავისუფლა – ჰარიეტ ტაბმენის ისტორია
ჰარიეტ ტაბმენი (თავისი გვარი არამინტა როსი) მონობის წინააღმდეგ მებრძოლი აფროამერიკელი გახლდათ. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ის შეერთებული შტატების მთავრობის ჯაშუშიც იყო. დაიბადა მონობაში, მაგრამ გაიქცა. თავისი ცხოვრების განმავლობაში, 19-ჯერ იმოგზაურა. იგი გაქცევაში 300-ზე მეტ მონას დაეხმარა.
ბავშვობაში მას სხვადასხვა ბატონი სცემდა და ამათრახებდა. ერთხელ გაბრაზებულმა ზედამხედველმა ერთ მონას მძიმე მეტალი ესროლა. შემთხვევით, ეს მეტალი ჰარიეტს მოხვდა თავში, რამაც კრუნჩხვები, ნარკოლეფტიური შეტევები, თავის ტკივილი და ხშირი მოჩვენებები გამოიწვია. ეს პრობლემები მთელი ცხოვრების განმავლობაში ტანჯავდა. ტაბმენს სჯეროდა, რომ აღნიშნული მოჩვენებები და სიზმრები ღვთისგან იყო მოვლენილი.
დაახლოებით, 1844 წელს ჰარიეტი ცოლად გაჰყვა თავისუფალ ფერადკანიან მამკაცს, ჯონ ტაბმენს. მათი ერთად ყოფნის შესახებ ძალიან მცირე ცნობებია. ქორწინება რთული აღმოჩნდა, რადგან ჰარიეტი მონა იყო. ჰარიეტის და ჯონის შვილები, დედის სტატუსის გამო, მონები გახდებოდნენ. ამ დროისთვის მერილენდის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ფერადკანიანი მოსახლეობის ნახევარი თავისუფალი ადამიანი გახლდათ. თავისუფალ ადამიანებსა და მონებს შორის ქორწინება იშვიათი არ ყოფილა. აფროამერიკული ოჯახების უმეტესობა სწორედ თავისუფალი და მონა წევრებისგან შედგებოდა. ტაბმენმა ქორწინებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სახელი არამინტა ჰარიეტით შეიცვალა, მაგრამ უცნობია ზუსტი თარიღი.
1849 წელს ტაბმენი ფილადელფიაში გაიქცა, შემდეგ მერილენდში დაბრუნდა, რათა შვილები მონობისგან დაეხსნა. საბოლოოდ, მან ათობით მონის გაქცევას უხელმძღვანელა. მონათმფლობელები გაქცეულების პოვნისთვის საკმაოდ დიდ ჯილდოს აწესებდნენ, მაგრამ ტაბმენი არასდროს დაუჭერიათ, რადგან არც იცოდნენ, რომ ის მონებს ათავისუფლებდა.
როდესაც ამერიკაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ჰარიეტი ამერიკის არმიაში მუშაობდა. ის ჯერ მზარეული და მედდა იყო, მოგვიანებით კი, შეიარაღებული სკაუტი და ჯაშუში გახდა. ის ხელმძღვანელობდა კომბეჰეს თავდასხმას, რომლის ფარგლებშიც, ასობით მონა გაათავისუფლეს. ომის შემდეგ, თავის ოჯახთან ერთად, ნიუ-იორკში, კერძოდ, ავბორნში გადავიდა. იქ ჰარიეტი ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნავდა. ნიუ-იორკში ძალიან აქტიურად ჩაერთო ქალთა სუფრაჟისტულ მოძრაობებში, სანამ ავად არ გახდა. სიცოცხლის დასასრულს ის ხანდაზმული აფროამერიკელების სახლში ცხოვრობდა. ნიშანდობლივია, რომ ეს სახლი წლებით ადრე სწორედ მისი ხელმძღვანელობით აშენდა.