აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გეოპოლიტიკური რეალობის ცვლილებების ფონზე სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება
ნასიბა მირზაევა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის (AIR Center) წამყვანი მრჩეველი.
ისტორიის განმავლობაში სახელმწიფოები მრავალმხრივი ურთიერთობების პარალელურად ორმხრივ ურთიერთობებსაც ანვითარებდნენ და სხვადასხვა სფეროში – როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე – პროგრესის მიღწევის მიზნით, პოლიტიკურ კაპიტალს ურთიერთობებში ანხორციელებდნენ. სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, ემსახურება როგორც ლიბერალურ, ისე რეალისტურ მიდგომებს. არსობრივად, პარტნიორი სუბიექტები, რომლებიც საერთო მიზნებს იზიარებენ, თანამშრომლობენ ინსტიტუციური მოქნილობის უზრუნველსაყოფად და მჭიდრო, ხანგრძლივი კავშირის შესანარჩუნებლად. ამგვარად, სტრატეგიული პარტნიორობა აერთიანებს რეალისტური ალიანსის ელემენტებსა და ლიბერალური ინტეგრაციის თეორიას. 1990-იანი წლების დასაწყისიდან, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის გადახალისების შედეგად, სტრატეგიული პარტნიორობა იქცა აუცილებელ მექანიზმად, რომელიც სისტემურად ეხმარება საერთაშორისო გამოწვევების დაძლევაში.
ბოლო წლებში საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში მომხდარმა სწრაფმა და ღრმა ცვლილებებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. რუსეთ-უკრაინის ომმა, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მშვიდობის დღის წესრიგის ფორმირებამ და გარე აქტორების გააქტიურებამ კავკასიის პოლიტიკაში, ხელი შეუწყო რეგიონში ახალი პოლიტიკური მოწყობის ჩამოყალიბებას. ამ პროცესების ფონზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა და იქცა ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე – თემაზე, “ახალი მსოფლიო წესრიგისკენ” – საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას შემდეგი სიტყვებით გაუსვა ხაზი:
“ჩვენი ხალხები ისტორიულად არიან დაკავშირებული, გვაქვს საერთო წარსული, როდესაც არც თავისუფლები ვიყავით და არც დამოუკიდებლები. დამოუკიდებლობის პერიოდში კი, თუ გადავხედავთ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთგაგება, მეგობრობა და პარტნიორობა მაღალი დონის იყო. სწორედ ამის წყალობით ჩვენ შევძელით სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონად გვექცია. ეს მხოლოდ ჩვენ – აზერბაიჯანმა და საქართველომ გავაკეთეთ.”[1]აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემასა და სტრატეგიულ ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციაა, ამ გზაზე ქვეყანა ეძებს არა მხოლოდ სამხედრო ან ინსტიტუციურ მხარდაჭერას, არამედ რეგიონალურ საყრდენ წერტილებსაც. ამ კონტექსტში აზერბაიჯანი წარდგება, როგორც სტაბილური და ძალთა ბალანსის შემნახველი მნიშვნელოვანი აქტორი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით:
“ჩვენი მრავალმხრივი და ეფექტური თანამშრომლობა, რომელიც განპირობებულია საერთო რეგიონული ინტერესებით, მაგალითის მომცემია და ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი ხალხების კეთილდღეობისა და განვითარებისათვის.”[2]ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო და სანდო ურთიერთობების გაღრმავება-უსაფრთხოების ინტერესების გადაკვეთის წერტილში. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა ვლინდება ასევე რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით. ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იგი მიესალმება ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს: “ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნებისმიერ და ყველა შეთანხმებას. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მოლაპარაკების პროცესს. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა პოზიტიური როლი რეგიონში, მშვიდობის ხელშეწყობაში და მზად ვართ ეს როლი კვლავ შევასრულოთ. ჩვენ მოტივირებული ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თანამშრომლობა და მეგობრობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის ხელისუფლებას საქართველოსადმი ძლიერი მხარდაჭერისთვის. ჩვენს შორის ურთიერთობები შესანიშნავია და გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ისინი.”[1] აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების საფუძველი არა მხოლოდ დიპლომატიური კავშირები და პოლიტიკური დეკლარაციებია, არამედ მასშტაბური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სამხრეთ გაზის დერეფანი — ეს ყველაფერი ქმნის ორ ქვეყანას შორის ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროპისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ამ კონტექსტში აზერბაიჯანი მოქმედებს როგორც ენერგიის წყარო, ხოლო საქართველო — როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს პოზიცია ამ სისტემაში მას აძლევს განსაკუთრებულ როლს არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, რაც აყენებს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს რეგიონალურიდან საერთაშორისო დონეზე. მეორე მხრივ, აშშ-სა და ევროკავშირის მზარდი ინტერესი რეგიონში, კიდევ უფრო აძლიერებს აზერბაიჯანსა და საქართველოს, როგორც კავკასიის უსაფრთხოების და ენერგეტიკული სტაბილურობის ძირითადი აქტორების როლს. აშშ-ს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას ბაქოსა და თბილისთან, რაც განამტკიცებს მათ მონაწილეობას მრავალმხრივ ფორმატებში – მაგალითად, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის პლატფორმაზე. კასპიისა და შავი ზღვის შორის მდებარე ეს ორი სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებაში. ამ მჭიდრო პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძემ არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განახორციელა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა თანამშრომლობის გაფართოების, პოზიტიური შედეგების მიღწევისა და რეგიონის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, და ამ თვალსაზრისით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად არის მაგალითის მიმცემი.[2] ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას არ მოიცავს. ეს ურთიერთობები ქმნის ჩარჩოს მთელი რეგიონის მომავლისთვის, სტაბილურობისთვის და მისი საერთაშორისო სისტემასთან ინტეგრაციისთვის. ურთიერთნდობა, საერთო ინტერესები და რეგიონალური რეალობის ცვლილებები აძლიერებს ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და ისინი რჩებიან სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული სტაბილურობის ქვაკუთხედად.