ლევან მაჭავარიანი – გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების გასროლა სამარცხვინოდ დააბრალა ჩვენს პოლიციელებს

„ნახევარი საქართველო უყურებდა ბატონ გიორგი გახარიას. მან ახალი რეკორდი დაამყარა. პირველი რეკორდი ერთი და იმავე ფრაზის გამეორებაში ეკუთვნოდა ქალბატონი ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს, რომელმაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დროს, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობდა, ალბათ, 20-30-ჯერ გამოიყენა სიტყვა „იმიტომ“, რადგანაც მას პასუხი არ გააჩნდა. გუშინ, ბატონმა გახარიამ ალბათ, ათჯერ უფრო ხშირად გამოიყენა სიტყვა „არ მახსოვს”, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარია გამოიყურებოდა ძალიან დაბნეული და აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

„გიორგი გახარიამ ვერ აუხსნა ჩვენს საზოგადოებას, რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და წყლის ჭავლის ნაცვლად რატომ გამოიყენა რეზინის ტყვიები. როდესაც იგი ამდენი ხნის განმავლობაში ყველა განცხადებაში ამბობდა, რომ ყველა ბრძანება მისი გაცემული იყო, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით, გუშინ, სამარცხვინოდ, ეს ყველაფერი დააბრალა ჩვენს პოლიციელებს და თქვა, რომ ეს პოლიციელების თვითნებური გადაწყვეტილება იყო.

ძალიან საინტერესო იყო მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია. იგი მუდმივად იმეორებდა, რომ იმიტომ გადადგა, რათა ამით დამატებითი პოლარიზაცია არ გამოეწვია საზოგადოებაში და პროცესები არ დაძაბულიყო. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია უმაღლესი სტანდარტით ჩაატარა. თუმცა, აქ ამოიკვეთა შემდეგი რაღაც, არც გუნდის წევრებმა ვიცოდით და არც საზოგადოებამ – ბატონ გახარიას მოუწია იმის აღიარება, რომ თურმე წინა დღეს, გადადგომამდე ორი დღით ადრე, იგი შეხვედრია რამდენიმე ელჩს. თავიდან, რა თქმა უნდა, ჩვეულ სტილში ამბობდა, რომ ვერ იხსენებდა, რაზე იყო საუბარი, შემდეგ მოუწია იმის აღნიშვნა, რომ ერთ-ერთი იყო ქალბატონი კელი დეგნანი და საუბარი ბატონი მელიას საკითხის გარშემო იყო. ახლა, რა ინსტრუქციას მიიღებდა ბატონი გახარია ქალბატონი დეგნანისგან, მოდით ჩვენს მოქალაქეებს მივანდოთ ამის განსჯა. მე მგონი, არავის არ გაუჭირდება, ვინც ობიექტურად აზროვნებს, მიხვდეს, რომ მისი გადადგომის მიზეზი იყო სწორედ ქალბატონი დეგნანისგან და კიდევ სხვა გარე ძალებისგან წამოსული ინსტრუქციები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები