ლევან დავითაშვილი: ჩვენ 2022-24 წლებში 5 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გვქონდა

„ჩვენი პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. პანდემიის შემდეგ საშუალოდ გვქონდა ეკონომიკური ზრდა 9.7% – ის ფარგლებში, რაც ორჯერ მეტად აჭარბებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდას. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ფართე რეგიონში და ამ ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საერთაშორისო პროცესები საკმაოდ არაპროგნოზირებადია, საქართველო კი, მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებთან,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველომ 2022 – 2024 წლებში 5 მლრდ ამერიკულ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო. მისი ინფორმაციით, საკმაოდ დივერსიფიცირებულია როგორც ინვესტორი ქვეყნების გეოგრაფია, ისე სექტორები, სადაც ეს ინვესტიცია განხორციელდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი იყოს ეს ინვესტიციები, გრძელვადიან პერსპექტივაში მას ჰქონდეს გადამდები ეფექტი და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის თვისობრივ გაუმჯობესებაზე იყოს მიმართული,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 6 პროცენტია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიო მასშტაბით.

„ჩვენ გვინდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით ეს ნიშნული შევინარჩუნოთ,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო პოლიტიკაზე, აგრეთვე ბიზნესის დამოკიდებულებაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან.

მისი თქმით, საინვესტიციო გარემო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა ბიზნესისთვის.

„ჩვენ ბევრი გამოწვევა გავიარეთ და ისინი, ალბათ მომავალშიც გვექნება, მაგრამ შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ნდობა ხელისუფლების პოლიტიკასა და კერძო სექტორის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის. მეორეა, საერთაშორისო ინვესტორების გადაწყვეტილებები. ისინი უფრო მეტად ემყარება იმ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის მიხედვითაც ძირითადად იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს, სადაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნაა პოლიტიკური პროცესები და მათი ნეგატიური ფაქტორი. თუმცა ეს გარკვეულწილად ბალანსდება სტაბილური ეკონომიკური შედეგებით. ეს არის ძირითადი განმაპირობებელი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი დონე შევინარჩუნოთ,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები