„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის” – ტრამპი
„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის”, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას.
ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
“და არც არასდროს ყოფილა [შესაფერისი]. მან პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ სიცრუითა და „ფეიკ ნიუსებით“ მიიღო. მის გარშემო მყოფმა ყველა ადამიანმა, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო. ახლა კი ნახეთ, რა გაუკეთა მან ჩვენს ქვეყანას, როდესაც მილიონობით ადამიანი შემოდის ჩვენს საზღვარზე, სრულიად შეუმოწმებლად. ჩვენ ძალიან დავზარალდებით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზიანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.