[ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ]სამიტის მთავარი მიზანია გააძლიეროს ის ეკონომიკური საფუძვლები, რომელიც დღეს მსოფლიოში თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საწინდარია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს ის წინადადება, რომელიც სამიტში გაიზიარეს, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობას ზოგადად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და დაკავშირების თვალსაზრისით.
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს არა თუ მონაწილეობა ასეთ მაღალ დონეზე პრემიერ-მინისტრის სახით ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, არამედ ის, რომ ქართული მხარის წინადადება გაიზიარეს. წინადადება, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობას ზოგადად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და დაკავშირების თვალსაზრისით. ამ სამიტის მთავარი მიზანია გააძლიეროს ის ეკონომიკური საფუძვლები, რომელიც დღეს მსოფლიოში თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საწინდარია. ეს სწორედ ის საკითხებია, რაზეც „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება აქცენტებს აკეთებს და რაზეც ჩვენ წლებია ვმუშაობთ როგორც ევროკავშირთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და გვაქვს ძალიან დიდი წარმატება. ამ მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავამტკიცეთ ცვლილებები, როგორც ეკონომიკური თავისუფლების კანონში, ასევე, ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფცია, სადაც ხაზი გავუსვით, რომ 2030 წლისთვის საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიას უნდა აჭარბებდეს სუფთა წყაროებიდან ენერგია. ეს არის სწორედ საქართველოს როლი შუა დერეფანში და ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ლოგისტიკური პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს“,- განაცხადა დეპუტატმა.