ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
რეზოლუციას 679 ევროპარლამენტარიდან 495-მა დაუჭირა მხარი, 137 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა.
„რეზოლუცია, რომელიც ასახავს ახლად არჩეული ევროპარლამენტის პირველ ოფიციალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტარების მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს და გააფართოოს სანქციების პოლიტიკა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ, დააკვირდეს და გადახედოს მის ეფექტურობასა და ზემოქმედებას და სისტემატურად მოაგვაროს სანქციების გვერდის ავლა ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიების, მესამე მხარის და მესამე ქვეყნების მიერ“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ამასთან, ევროპარლამენტარები გმობენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არაკოორდინირებულ საგარეო პოლიტიკურ ქმედებებს.
„ევროპარლამენტი გმობს რუსეთის ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმას კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ბოლო ვიზიტს რუსეთში, რომელიც არ წარმოადგენს ევროკავშირს და არის ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის აშკარა დარღვევა.
უნგრეთის ამ ქმედებებს რეაგირება უნდა მოჰყვეს იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ე.წ. სამშვიდობო მისიას დაუყოვნებლივ მოჰყვა ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა“, – წერია განცხადებაში.