ნაფიცმა მსაჯულებმა ქრთამის აღებაში ბრალდებული ამერიკელი სენატორი დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა ქრთამის აღებაში ბრალდებული „დემოკრატი“ სენატორი, ბობ მენენდესი დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს.
სენატორ მენენდესს ბრალი 18 საქმეზე ედებოდა, მათ შორის თაღლითობაში, უცხოური აგენტის როლის შესრულებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.
პროკურორების განცხადებით, ამერიკელი სენატორი ქრთამის აღების რამდენიმე სქემაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც სენატორმა და მისმა მეუღლემ, ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ბრალი აღიარა და მისცა ჩვენება, როგორც პროკურატურის მოწმემ მენენდესის წინააღმდეგ.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მენენდესი და მისი მეუღლე შეთანხმდნენ, მიეღოთ ასობით ათასი დოლარი ქრთამის სახით, რათა დაეცვათ სამი ბიზნესმენი ნიუ-ჯერსიდან – ვაელ „ვილ“ ჰანა, ხოსე ურიბე და ფრედ დაიბესი – და ასევე ეგვიპტეს სასარგებლოდ ემოქმედათ.