ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიების“ გამო, ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ
ევროპარლამენტის წევრები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რუსეთსა და ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ, – ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის მიერ მოპოვებულ წერილში 63 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას მიმართავენ.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკვე მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი ბლოკს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენებით.
„ორბანმა განახორციელა რამდენიმე დიპლომატიური ვიზიტი, კერძოდ, პუტინთან ვიზიტი რუსეთში და სი ძინპინთან – ჩინეთში, რომლის დროსაც მან განზრახ არასწორად წარმოაჩინა თავისი უფლებამოსილებები.
ეს მოითხოვს რეალურ ქმედებებს, როგორიცაა საბჭოში უნგრეთის ხმის მიცემის უფლების შეჩერება, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ სიტუაციის უბრალო სიტყვიერ დაგმობას არავითარი შედეგი არ აქვს“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ინფორმაციისთვის, უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი 1-ელ ივლისს, 6 თვით, ბელგიიდან გადაიბარა. რის შემდეგაც ორბანმა დაიწყო ე.წ. „სამშვიდობო მისიები კიევში, მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში და აცხადებდა, რომ ევროკავშირს წარმოადგენდა.