რუსებმა კიევი და ხერსონი დაბომბეს
უკრაინის თავდაცვამ წუხელ რუსული ძალების მიერ კიევის ტერიტორიისკენ გაშვებული Shahed-ის დრონები ჩამოაგდო – დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა ღამით ჩვენს ოლქს დრონებით შეუტია. საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ.
დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნა 2 რაიონში დაფიქსირდა“, – განაცხადა კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რუსლან კრავჩენკომ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ერთ-ერთი ბაზარი დაბომბეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებები დაფიქსირდა, თუმცა, სამოქალაქო პირები არ დაშავებულან.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ობიექტები დაზიანდა.