ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს, რომელმაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე წვდომა მოიპოვა.

ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა.

როგორც გამოცემა წერს, წერილში ორბანი მიშელს უკრაინის, რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებსა და დონალდ ტრამპთან ბოლო მოლაპარაკებების შესახებ „მოკლე შეფასებას“ აწვდის, ასევე, „სთავაზობს წინადადებებს განსახილველად“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელს აფრთხილებს, რომ არჩევნებში ტრამპის გამარჯვება ევროკავშირს ძვირად დაუჯდება.

„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპის სავარაუდო გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის ჭრილში, აშშ-სა და ევროკავშირს შორის ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეიცვლება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები