“ხარაჩოს აგება დასრულდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს, დასავლეთი მინაშენისა და საეპისკოპოსო სახლის ფასადებზეც” – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

“ალავერდის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში. წმ. გიორგის ტაძრის გუმბათის ყელზე ხარაჩოს აგება დასრულებულია”, – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ხარაჩოს აგება დასრულდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს, დასავლეთი მინაშენისა (სტოა) და საეპისკოპოსო სახლის ფასადებზეც. დასავლეთ მინაშენზე (სტოა) გრძელდება აზომვითი, კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, რაც საშუალებას მისცემს არქიტექტორ-რესტავრატორებს, შეაფასონ კრამიტის სახურავის მდგომარეობა.

უახლოეს დღეებში დასრულდება კარიბჭე-სამრეკლოს რესტავრაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა.

ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით, გადაწყდა ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.

ალავერდში გაიგზავნა 4500 კვ. მეტრამდე ხარაჩოს მასალა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები