„წარმოუდგენელია, რომ ეს შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს“ – ტრამპის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ აქციაზე მასზე თავდასხმის მცდელობის შესახებ კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ Washington Post წერს.
„მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს და ყველა სამართალდამცავ ორგანოს მათი სწრაფი რეაგირებისთვის ბატლერში, პენსილვანიის შტატში მომხდარი სროლისას“, – თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში დაჭრეს და ბევრი სისხლი დაკარგა.
„მე მესროლეს ტყვიით, რომელმაც მარჯვენა ყური დამიზიანა. მივხვდი, რომ რაღაც არ იყო კარგად, რადგან გავიგონე სტვენის ხმა, სროლის ხმა და მაშინვე ვიგრძენი, რომ ტყვია კანზე შემეხო. ძლიერი სისხლდენა დამეწყო”, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა სამძიმარი გამოუცხადა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლული მამაკაცის და კიდევ ერთი მძიმედ დაშავებულის ოჯახებს.
„წარმოუდგენელია, რომ ეს შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, მოკლეს, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ფლობს.