ზარქუა – ოპოზიციას: გაქვთ შნო და უნარი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ პარლამენტის მანქანები და იარეთ მეტროთი – ამას პირადად მე გაგიკონტროლებთ!

„თუ გაქვთ შნო და უნარი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ მანქანები და იარეთ მეტროთი. ამას პირადად მე გაგიკონტროლებთ, ვიქნები პარლამენტში თუ არა” – ამ განცხადებით, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა.

ზარქუამ პარლამენტის ავტოპარკის განახლებაზე საუბრისას განმარტა, რომ 2007 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტს მანქანები არ შეუძენია.

“ხომ აპირებს ოპოზიცია მთავრობაში მოსვლას, აი, მათთვის გავაკეთეთ, შემდეგი მოწვევისთვის ხდება ეს ყველაფერი და ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. ამ მოწვევას არ შეეხება და თუ გაქვთ შნო და უნარი, აი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ [მანქანები] და იარეთ მეტროთი. აი, ვინც მოხვალთ შემდეგში, რომ იქნებით პარლამენტში წარმოდგენილი, მე თქვენგან დაველოდები, “იცით რა, ჩვენ უარს ვამბობთ ამ მანქანით მომსახურებაზე და ვივლით ფეხით”. ამას პირადად მე გაგიკონტროლებთ, ვიქნები პარლამენტში თუ არ ვიქნები, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც გვარებით ჩამოგიყვებით, თუ მოხვდით ვინმე, ვინც ივლით იმ ახალი მაქმანებით,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, პარლამენტის აპარატი მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის ახალ ავტომობილებს ყიდულობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები