აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
ამის შესახებ ბაიდენმა ვაშინგტონში, ნატოს სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
„ორი დღის წინ გამოვაცხადე უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის ისტორიული შემოწირულობა. დღეს მე სიამაყით ვაცხადებ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს. ეს არის მერვე პაკეტი, რომელსაც მე ხელი მოვაწერე“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაში სიტუაცია შეიცვალა – უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა ხარკოვზე და მას მნიშვნელოვანი ხარჯები დააკისრა.
„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. გაიმარჯვებს უკრაინა. და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვიქნებით ყოველ ნაბიჯზე“, – განაცხადა ბაიდენმა.