რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ს საქართველოში “რეჟიმის შეცვლის” მოწყობა სურს
„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით“, – ამაზე საუბრობს რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვა.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, ამერიკელმა „კურატორებმა“ უკვე მისცეს ბრძანება საქართველოში ოპოზიციურ ძალებს, რომ დაიწყონ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვა, რომელიც ემთხვევა არჩევნებს. ამასთან, ხელისუფლების ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ძალა თბილისის მოსახლეობა უნდა იყოს.
რუსეთის დაზვერვის მონაცემების მიხედვით, „ანტისამთავრობო განწყობის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს“. როგორც „ვაშინგტონელმა რეჟისორებმა“ ჩაიფიქრეს, სახელმწიფოს მეთაური ერთ-ერთ ამერიკულ მედიას მისცემს ინტერვიუს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დეგრადაციაში დაადანაშაულებს, გააფრთხილებს „ფართო საზოგადოებას“ „მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებსა“ და რუსეთიდან გადაბარგებულთა მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზიანზე. გარდა ამისა, რუსეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი, ზურაბიშვილის მეშვეობით აპირებს, ამომრჩევლები მოამზადოს „ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეული პოლიტიკური სიურპრიზისთვის“, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მორიგი „ფერადი რევოლუცია“ აღმოჩნდეს.
„პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს შესაბამისი დიდი გამოცდილება აქვთ. საკმარისია, გავიხსენოთ კიევის მაიდანი, სადაც „დემოკრატიის საკურთხეველზე“ ასობით ადამიანი გაწირეს, რომლებიც, მათ შორის, ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახვრიტეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციაში.