ვიქტორ დოლიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ სივრცეში

დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ სივრცეში, ამაზე ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან,- ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძე განმარტავს, “ნატო-ს პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკურ დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები, აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა ნატო-ს დაარსებიდან 75 წლის იუბილეს”.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ დეკლარაციაში საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა.

„ვფიქრობ, საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ პარტნიორობის, არამედ სხვა ჭრილში, სხვა თემებთან დაკავშირებითაც, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების გაღებული წვლილით საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში, ასევე პირად კონტრიბუციაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. თუ ვინმეს და არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ თვითონ ნატო-ს წევრ ქვეყნებს შეუტანიათ წვლილი, აღიარებულია ჩვენი ქვეყანა. ალბათ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მე-17 მუხლს, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან, ბარბაროსულ ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე ომის დანაშაულების და სხვადასხვა კონტექსტში ნახსენებია საქართველო და ჩვენი მეგობარი, პარტნიორი მოლდოვა. რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა“, – განაცხადა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ გამოქვეყნდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები