კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა
კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 9 ივლისის დილის მდგომარეობით, დაღუპულთა რიცხვი 27-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.
„კიევზე მტრის გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117, გადარჩა 7 ადამიანი. 3 ლოკაციაზე შედეგების ლიკვიდაცია ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 377 მაშველი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის 76 ერთეული ტექნიკა“, – აცხადებენ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.