კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 14 ლოკაცია განადგურდა

კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 14 ლოკაცია განადგურდა, სადაც მაშველები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

ამის შესახებ „უკრინფორმისთვის“ მიცემულ კომენტარში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსპიკერმა, სვიტლანა ვოდოლაჰამ განაცხადა.

კერძოდ, მედიასთან საუბარში მან თქვა, რომ შვიდი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა დნიპროვსკის რაიონში მდებარე ისიდას კლინიკაში, რომელიც რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

„ერთი ადამიანი დაკარგულია. იქ სამუშაოები გრძელდება“, – განაცხადა ვოდოლაჰამ.

მანვე აღნიშნა, რომ ოჰმატდიტზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 10 დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი.

მისივე თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ექიმები ტექნიკის ევაკუაციას ცდილობენ, შენობების მდგომარეობას კი სპეციალური კომისია შეაფასებს.

მთლიანობაში, პრესსპიკერმა დასძინა, რომ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა სამუშაოები ცხრა ლოკაციაზე დაასრულა, ხოლო სამაშველო ოპერაცია კიდევ ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რუსეთმა 8 ივლისს უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 30-მდე ადამიანი, ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები