გიორგი გაბიტაშვილი: გატარებული რეფორმის შედეგად, კიბერდანაშაულზე დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია
გატარებული რეფორმის შედეგად გაზრდილია კიბერდანაშაულზე დევნის დაწყების მაჩვენებელი, მაგალითად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლზე 2021 წელს 53 დევნა დაიწყო, 2022 წელს ეს ციფრი 183-მდე, ხოლო 2023 წელს – 194-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წლის ივნისიდან, პროკურატურის სისტემაში ფუნქციონირებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომლის შექმნის მიზეზი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კიბერსივრცეში ჩადენილი დანაშაულის ზრდა გახდა.
„სპეციალიზირებული დანაყოფის ჩამოყალიბების პარალელურად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამით და საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ციფრული ლაბორატორია ჩამოყალიბდა, რომელიც ასევე ხელოვნური ინტელექტის IBM I2 ანალიზის პროგრამას იყენებს. უნდა გაგრძელდეს მსგავსი პროგრამების აქტიური დანერგვა კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად“ – აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.
გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, პროაქტიულად ხორციელდება თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალიზაცია.
„საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა, მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებში, ტრენინგებში, კონფერენციებსა და რეგიონულ ფორუმებში, რაც ვფიქრობ, რომ კიბერდანაშაულის მზარდი და სწრაფად რეფორმირებადი სტრუქტურების არსებობის გამო, აქტიურად უნდა გაგრძელდეს“ – აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.
მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია გაძლიერდეს საერთაშორისო თანამშრომლობა სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო თანამშრომლობის უწყებათაშორის ქსელებთან.