ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის ფარგლებში კრაკოვის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ფიროსმანი“ აჩვენეს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის „გროტესკას თეატრში“, მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარმოადგინა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით სპექტაკლი კრაკოვში მიმდინარე ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენის – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ – ფარგლებში გაიმართა.
გამოფენა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში 18 აპრილს გაიხსნა, რომელიც ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს აცნობს. გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
კერძო თეატრმა ამ სპექტაკლით ევროპელ მაყურებელს გენიალური ქართველი მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება და ქართული კულტურული ღირებულებები გააცნო.
„ფიროსმანი“ კულტურის სამინისტროს კონკურსის – „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“ – ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.