„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ დირექტორი: „ტექინსპექტირებაზე მომართვიანობა გაზრდილია, ჩვენი დაკვირვებით, დაახლოებით, 100-150 ათასი ავტომობილი იქნება ისეთი, რომელიც ტექინსპექტირებას არ გადის”

“ჩვენი დაკვირვებით, დაახლოებით, 100-150 ათასი ავტომობილი იქნება ისეთი, რომელიც ტექინსპექტირებას არ გადის”, – ამის შესახებ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა გაზრდილია.

„მომართვიანობა რეალურად ზრდაშია. 2023 წელს 917 000 ავტომობილი იყო გატარებული, 2022-ში 789 000, წლევანდელ წელსაც თუ ავიღებთ, საანგარიშო პერიოდს და იგივე შარშანდელს თუ შევადარებთ, სადღაც 10-15%-იანი მატება გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ავტოპარკიც იზრდება, სადღაც 1 მილიონ 800 000-ს მიაღწია უკვე, მოსალოდნელიც იყო, რომ მომართვიანობა გაიზრდებოდა. თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, მაინც არის ქვეყანაში არსებული ავტოპარკის გარკვეული წილი, რომელიც არ გადის ტექინსპექტირებას. ჩვენი დაკვირვებით, დაახლოებით, 100-150 ათასი ავტომობილი იქნება ისეთი, რომელიც ტექინსპექტირებას არ გადის.

ტექინსპექტირების ცენტრებში მომართვიანობა რომ გაზრდილია, ამის ერთ-ერთი ფაქტორი ესეც (ჭკვიანი კამერები) არის, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით არ არის ჭკვიანი კამერები განთავსებული და ადმინისტრირების ნაწილში, მაინც გარკვეული ხარვეზები არსებობს. აქედან გამომდინარე, არის იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული მონაკვეთები ავტომფლობელებმა ისე გაიარონ, რომ ჯარიმის გამოწერის გარეშე შეძლონ გადაადგილება. ვფიქრობ, ეს საკითხი მოსაგვარებელია, მაქსიმალურად უნდა იყოს ადმინისტრირება მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში არსებული ავტოპარკის აბსოლუტური უმრავლესობა მოქცეული იყოს ტექინსპექტირების ქვეშ.

თუ ავტომფლობელი ტექინსპექტირების გარეშე გადაადგილდება, პირველად შემთხვევაში 50-ლარიანი ჯარიმაა , თუ 30 დღის განმავლობაში მის მიერ ავტომობილი ტექინსპექტირებაზე გატარებული არ იქნება, ჯარიმა 150 ლარია, შემდეგ 300, შემდეგ კი 700-მდე არის”, – განაცხადა შიოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები