ლევილის ქართული ფესტივალის მე-6 კვირა საზეიმოდ დაიწყო

ლევილის ისტორიულ მამულში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივნისს საფესტივალო კვირა წალენჯიხის, ლენტეხის, ხარაგაულის, ქობულეთის, ყვარლის, გორის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელების კონცერტით დაიწყო და დღესასწაული ფოლკლორული ანსამბლ „ლალხორის“ მიერ შესრულებული სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშებითა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტით გაგრძელდა.
სტუმრებმა ნახეს ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუჭული“ (რეჟისორი ნ. მაღლაკელიძე), რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ხრიდოლის ოსტატებმა სტუმრებს ქართული საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის საინტერესო ილეთები უჩვენეს.
ფესტივალის სტუმრები შეხვდნენ კალიგრაფ გიორგი სისაურს, რომელმაც ქართული დამწერლობის მასტერკლასები ჩაატარა.
ლევილის ქართულმა ფესტივალმა მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია და მოწონებაც დაიმსახურა.
როგორც ცნობილია, 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ლევილის მამული ქართულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე – მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი. ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ საფრანგეთის მოქალაქე სტუმრობს. ღონისძიებების სტუმრებს შორის არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.
წლევანდელ ფესტივალში ორი თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი, რომელთა შორის არიან ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები თუ შემოქმედებითი ჯგუფები. სპორტის არაერთ სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს. შვიდი სტუდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში სტუმრობდა კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებულ პირველ შემოქმედებით რეზიდენციას და მათ მიერ იქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდა.
ინფორმაციისთვის: ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები