ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კონკურსის გამარჯვებული პროექტი გამოავლინა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა კონკურსის – „სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების წარმოების დაფინანსება“ გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია და მისი მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეროვნული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ისტორიაში პირველად ჩატარდა კონკურსი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების წარმოების დასაფინანსებლად.
კომისიის მეორე შემადგენლობამ ერთხმად შეარჩია გამარჯვებული პროექტი – „იგი“, რეჟისორი – ნათია ნიკოლაშვილი, პროდიუსერი – ვლადიმერ კაჭარავა.
კონკურსის ამ ეტაპზე პროექტი საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობამ განიხილა, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება. კომისიის მეორე შემადგენლობა ოთხი წევრისგან შედგება (ორი პროდიუსერი, კინოცენტრის ფინანსისტი, მოწვეული ეკონომისტი).
ინფორმაციისთვის: კონკურსი „სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების წარმოების დაფინანსება“ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის 14 მაისს გამოაცხადა და კინოცენტრს სამმა პროდიუსერმა მომართა, ხოლო მიმდინარე წლის 20 ივნისს საზოგადოებას ეცნობა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტის შესახებ, რომელიც საექსპერტო კომისიის პირველმა შემადგენლობამ (ჟიურიმ) შემოსულ ორ პროექტს შორის მეორე ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია.