ნანა კაკაბაძე: რა ხდება ფეხბურთს მიღმა – დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ამბავი იყო ამერიკის ახლანდელი და ყოფილი პრეზიდენტების პირველი საპრეზიდენტო დებატები

შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების საჯარო დებატებს არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რა ხდება ფეხბურთს მიღმა

დღეს დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ყველა ფეხბურთზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემნაირებმაც კი დაიწყეს თამაშებისადმი ინტერესის გამოჩენა (ცხოვრებაში რომ არ უყურებიათ თამაშისთვის), ცხოვრება მაინც თავისი გზით მიდის და მსოფლიოში მიმდინარე სხვა აქტუალური ამბებიც არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ამბავი იყო ამერიკის ახლანდელი და ყოფილი პრეზიდენტების პირველი საპრეზიდენტო დებატები.

ბოლო ხანებში მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ხანდაზმული ჯო ბაიდენის არაადეკვატურ ქმედებებს თუ გამონათქვამებს და ამიტომ ამ დებატების დროსაც იყო იმის მოლოდინი, რომ ბაიდენს საათნახევრის მანძილზე რაღაც კურიოზი მაინც შეემთხვეოდა.

მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთელი დებატების განმავლობაში მას არც ჩამოსძინებია, არც ჩაუმუხლია, არც სიტყვები არევია და არც სივრცეში დაუკარგავს ორიენტაცია.

როგორც ჩანს, მისი გუნდის შრომამ, რომელსაც ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ბაიდენი, კემპ-დევიდის რეზიდენციაში რეპეტიციების ჩასატარებლად ჰყავდათ გამოკეტილი, შედეგი გამოიღო და მათ შეძლეს მოქმედი პრეზიდენტის ნორმალური ფიზიკური სახის შენარჩუნება.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დებატები ბაიდენის „მოედანზე“, ანუ CNN-ის სტუდიაში ტარდებოდა და სხვა დებატებისგან განსხვავებით მას ესწრებოდა მხოლოდ 2 კითხვების დამსმელი ჟურნალისტი და არ იყვნენ მაყურებლები.
ასევე სიახლე იყო ის, რომ მოპასუხის საუბრისას მეორე მოდებატის მიკროფონი იყო გამორთული, რათა ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ, შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.

გარდა ამისა, ეთერში მათი სიტყვები 2 წუთის შემდეგ გადიოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ ეთერში არასასურველი ფრაზა არ გასულიყო.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბაიდენის დაზღვევის მიზნით გაკეთდა. შეიძლება ითქვას, რომ შედეგები ბაიდენის სრული კრახის მოლოდინის საწინააღმდეგოდ დასრულდა – ფეხზე მდგარმა პრეზიდენტმა „გმირულად“ გაძლო 1 საათი და 40 წუთი, მხოლოდ ერთხელ ჰქონდა დაახლოებით 15-წამიანი პაუზა, როდესაც რაღაც სიტყვა ვერ გაიხსენა.

დამკვირვებლებმა გარეგნულ ასპექტებში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მთელი დებატების განმავლობაში ის თვალებს საერთოდ არ ახამხამებდა (რაც რომელიღაც მედიკამენტის მიღებას მიაწერეს), ხოლო პაექრობის დასრულების შემდეგ სცენიდან ჩამოსასვლელ 3-საფეხურიან კიბეზე დამოუკიდებლად ვერ ჩამოვიდა და ამაში მეუღლე დაეხმარა.

რაც შეეხება დებატების შინაარსს, ტრამპმა და ბაიდენმა ერთმანეთს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდეს, ბაიდენმა უთხრა, შენ ამორალური კაცი და კრიმინალი ხარ, რადგან მაშინ გქონდა სექსი პორნოვარსკვლავთან, როდესაც შენი ცოლი მელანია ფეხმძიმედ იყოო, რაზეც ტრამპმა უპასუხა, ეგ ტყუილია და კრიმინალი შენი შვილი ჰანტერიაო. ტრამპმა ბაიდენი უკრაინის ზედმეტად ხელგაშლილ და უშედეგო დახმარებაში დაადანაშაულა, რადგან უკრაინა მაინც აგებს ომსო, ამასთან, უსაყვედურა, რომ ის ისრაელს საჭიროზე ნაკლებად ეხმარება.

მოკლედ, დებატების დასრულების შემდეგ დომინირებდა საერთო აზრი, რომ არც ტრამპი გამოიყურებოდა დებატების დროს მაინცდამაინც კარგად და მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის მხრიდანაც არ ყოფილა დაშვებული კატასტროფული გონებრივი ლაფსუსები, მაყურებელთა 2/3-მა მაინც ტრამპი მიიჩნია გამარჯვებულად. ამან კი დემოკრატების რიგებში იმ მოსაზრების განხილვას შეუქმნა საფუძველი, რომ ბაიდენის შანსები 5 ნოემბრის არჩევნებზე მიზერულია და ხომ არ აჯობებს, სანამ ჯერ კიდევ დროა, ბაიდენი სხვა კანდიდატით ჩაანაცვლონ. თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ ბაიდენის თანხმობითაა შესაძლებელი, მოხუცი ჯო კი ჯიუტად იმეორებს, რომ მას მეორე ვადითაც უნდა პრეზიდენტობა”, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები