„ფერებს მე თვითონ ვქმნი“ – 15 წლის მხატვარი და ახალი რაკურსით დახატული „ოლე“

 ჯერ მხოლოდ 15 წლისაა. ყოველთვის უყვარდა ხატვა. ჯერ სამოყვარულო სტუდიაში დადიოდა, შემდეგ კი – ცნობილ მხატვართან, დავით გუასთან, მასტერკლასებზე. უკვე ორ დიდ გამოფენაში მონაწილეობდა და წარმატებებსაც მიაღწია.- თენგიზ ფიცხელაურის პერსონა.
– 15 წლის ვარ, ყველა თენგოს მეძახის. 2 აგვისტოს 16-ის გავხდები. ვცხოვრობ თბილისში დედასთან, ბებოსთან და უმცროს დასთან ერთად. ვსწავლობ კერძო სკოლაში, მაინცდამაინც კარგად არა, მაგრამ გერმანულზე დავდივარ, რადგან მომავალში გამომადგება. რაც თავი მახსოვს და ფანქრის ხელში დაჭერა ვისწავლე, ვხატავ.
პატარა რომ ვიყავი, დედა ფანქრებსაც კი მიყრიდა, გაკვეთილზეც რომ ვხატავდი, იმიტომ. ვხატავდი ფანქარში, ფერის დადება მერე ვისწავლე. დედას ვუთხარი, თუ ხატვაზე არ შემიყვან, მათემატიკიდან გამოვალ-მეთქი და გაჭრა. მიმიყვანა სამოყვარულო სტუდიაში. იქ ვისწავლე ფერის დადება რაღაც დონეზე, მაგრამ რომ თქვეს,  ნიჭი აქვსო, დედამ დავით გუასთან გადამიყვანა მასტერკლასებზე. ბატონი დავითი ძალიან მაგარი მასწავლებელი და ადამიანია, არ მზღუდავს, არ ცდილობს, ჩარჩოში მომაქციოს.
– სწორედ ამ პერიოდში გქონდათ გამოფენები და პირველ  წარმატებას მიაღწიეთ…
– პირველი სერიოზული გამოფენა მისი სტუდიიდან გვქონდა. „გზა შემოქმედებისკენ”, – ასე ერქვა გამოფენას საქართველოს მხატვართა კავშირის სივრცეში და სტუდიის ბავშვები ვმონაწილეობდით. გადმოგვეცა დიპლომები მხატვართა კავშირის თავმჯდომარის ხელმოწერით.
წელს, 11 მარტს, უკვე დიდ მხატვრებთან ერთად, ერთი ნახატით „ოლე” ვმონაწილეობდი გამოფენაში – „ფერადი გზავნილები”, რომელიც სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. გამიხარდა, რომ იგივე შემოქმედებითმა ჯგუფმა „არტ მეგობრები”  მეორედაც მიმიწვია გამოფენაზე უკვე ფოლკლორის საგამოფენო სივრცეში. გამოფენას ერქვა „სარკე”. ამჯერად გამოიფინა „ლანდშაფტი“.
ძირითადად, ბუნებას ვხატავ, იქ ყველაზე ბევრი ფერია და ჰარმონიულად ეხამება ის ფერები, რაც თითქოს სულ არ უნდა ეხამებოდეს ერთმანეთს.

„ლანდშაფტი“

– როგორ დაიხატა „ოლე“?
– „ოლე”ქმნ დავით გუას ჩანახატის შთაგონებით დაიხატა. ასეთი ჩანახატები ფურცლებზე ცალკე აქვს ყუთში შენახული ჩვენთვის. ერთადერთი ხე დგას გზაზე… რაღაცნაირად შემეცოდა ხეც და ისიც, რომ ისედაც  მარტოდმარტო მდგარი, ყუთში იყო ნახატად მიგდებული. დამაინტერესა ტილოზე, სხვა რაკურსით როგორ გამოვიდოდა, შემდეგ ხეს უკან სოფელი დავხატე გზაც, რომელიც ამ სოფლიდან დათოვლილი ხისკენ მოდის, მაინც იმედია, გზაა და რადგან სოფელი იქვეა, მასზე ოდესმე ვინმე გამოივლის. ლურჯი, ბნელი ცა და ქათქათა თოვლი კი კონტრასტია იმედსა და უიმედობას შორის.

„ოლე“

ნახატი რომ დავასრულე და დედამ (ფილოლოგია) ნახა, ლეონიძის „ოლეაო”, მითხრა. მერე ლექსი წამიკითხა, ეს ლექსი პირველად მოვისმინე და დაერქვა ნახატს „ოლე”, გიორგი ლეონიძე რომ ცოცხალი ყოფილიყო და ეს ნახატი ენახა, მაინტერესებს, ისიც თუ იცნობდა თავის „მარტოობით ჩაყეფილ” ხეს. ლექსშიც ჩანს იმედი. ჩემი ოლეც იმედიანია.
– ერთი ნახატი…

„დედის ოცნების სახლი“

– ამ ნახატს „დედის ოცნების სახლი“ ჰქვია. დედას ძალიან უყვარს ზღვა, სიამოვნებით იცხოვრებდა სადმე, სანაპიროზე. ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან იღლება, იმიტომ დავიხარე, თუ კარგად დააკვირდებით, სავარძელზე ყვითელი ბალიში  რომ დევს, ბალიშს გული ახატია, ეს დედის სავარძელია, ცარიელი კი იმიტომაა, რომ ჯერ  ისიც ოცნების სავარძელია.
– შთაგონება…

დავით გუასთან ერთად

– თავისით ვხატავ, როცა სტუდიაში მივდივარ, იქ გარემო ისეთია, რომ თავისით მოდის, საღებავებია ყველგან, დასვრილი, ფერადი იატაკი, გარშემო ტილოები. ისეთი გარემოა, ბედნიერდები. ბედნიერმა კი უნდა ხატო, აბა, რა უნდა ქნა. მე ლაპარაკი არ მიყვარს, გაკვეთილსაც კი ვერ ვყვები, რომც ვიცოდე, თუკი სხვა მიყურებს. ფერებს ზედმეტი ბგერა და ენა არ სჭირდება, ისედაც ყველაფერს ამბობს. არც ალბათ უფრო იმიტომ ვხატავ.
– ფერები და ფანტაზია… ალბათ ხატვის პროცესში იკვეთება, როგორ უნდა დასრულდეს ნახატი, თუ წინასწარვე იცით?

„მზიანი ღამე“

– ფერები თავისით მოდის, რამდენადაც ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი მაქვს, იმდენად, საპირისპიროდ, ნათელი ფერები, სიჭრელე მომწონს. ფერებს მე თვითონ ვქმნი, ყველაზე მეტად მიზიდავს, ორი, სამი სხვადასხვა ფერისგან რომ სხვა ტონს იღებ, რომელშიც ის სამი ფერია და, იმავდროულად, ახალი, განსხვავებული მიიღე, თითქოს სასწაულის მონაწილე ხდები.
ალბათ არცერთმა მხატვარმა არ იცის, ნახატი როგორ ან როდის დამთავრდება. როგორი იქნება, არ იცი ისევე, როგორც არ იცის მშობელმა, როგორი გაიზრდება შვილი. ხოლო როდის დამთავრდება, ეს შინაგანად უნდა იგრძნო, ნახატი თვითონ გეტყვის, უნდა გესმოდეს.
– ჰობი…
– ჰობი ხატვაა, აბა რა, მიყვარს, მომწონს და ვხატავ. სახლში კიდევ კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობ. ესეც ჰობია ალბათ.
– საყვარელი მხატვრები…
– ჩემი საყვარელი მხატვარი ვინსენტ ვან გოგია, სასწაულად ხატავს, ისიც ძირითადად პეიზაჟებს. მისი „პურის ყანა კვიპაროსით” ჩემი საყვარელი ნახატია. ლურჯი ფერი უყვარს ძალიან და მისი ლურჯი ტონები ოქროსფერთან ერთად თითქმის ყველა ნახატში უსასრულობის განცდას ბადებს.
– სამომავლოდ?
– მომავალზე ბევრს არ ვფიქრობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის დავხატავ, მიყვარს და იმიტომ.

„მოწყენილი ქოლგა“
„მზის ამოსვლა“
„ნარიყალა“
„სალოცავი“
„ყოფნის მისტერია“
„ჩემი სიბერის სახლი“
„ჩემი სამყარო“

                                                                                                                 

                                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები