თბილისის რიგით XVII საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება

2-7 ივლისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით XVII საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 2 ივლისს, 19:00 საათზე, „თეატრალური“ უნივერსიტეტის I კორპუსში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე, რეჟისორ ბაქარ ჩერქეზიშვილის ფილმით – „აპოლო ჯავახეთი“. ფილმის მსოფლიო პრემიერაც შედგა 2017 წელს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტური კინოს ფესტივალზე, ამსტერდამში (IDFA). აღნიშნული ფილმი ნომინირებული იყო არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის სარაევოს 2018 წლის კინოფესტივალზე; არის კინო და ტელესკოლების საერთაშორისო ასოციაციის (CILECT) პრიზიორი (2018).
TISFF 2024-ის საკონკურსო კინოპროგრამა ნაჩვენები იქნება საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში.
სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 20 ქვეყნის 27 კინოსკოლა, რომელთა შორისაა: ალბანეთი, არგენტინა, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, კანადა, პოლონეთი, ნორვეგია, ესპანეთი, ლიეტუვა, ლიბანი, ინდოეთი, სლოვაკეთი, საქართველო, საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, ფინეთი, ჩეხეთი.
საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები არიან: აშვინი მალიკი – სცენარისტი და დამოუკიდებელი კინორეჟისორი (ინდოეთი); მარიამ კანდელაკი – რეჟისორი და პროდიუსერი (საქართველო); ბერტ ბეიენსი – კინორეჟისორი, ბელგიის სამეფო.
წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის სტუდენტური ჟიურის წევრები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კინომცოდნეები: ნინი მუჩიაშვილი, სანდრო საგინაძე და თინათინ ასათიანი.
TISFF 2024-ის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება:მასტერკლასები, რომლებსაც გაუძღვებიან:პიტერ სლანსკი, კინო-ტელე ტექნოლოგიების პროფესორი, HFF (გერმანია);აშვინი მალიკი, სცენარისტი (ინდოეთი) და „ფიჩინგ ფორუმი“ – პირველი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორკშოპი, რომელსაც ჩაატარებს ტუტორი, რეჟისორი ბაქარ ჩერქეზიშვილი.
7 ივლისს,19:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს, რომელზედაც გამოვლინდებიან „ფიჩინგფორუმის“ და საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულები.
ფორუმის ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

საპრიზო ფონდი:
I ადგილი– 5000 ლარი
II ადგილი – 3000 ლარი
III ადგილი– 2000 ლარი

კინოპროგრამის გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან:
• გრან-პრი
• საუკეთესო მხატვრული ფილმი
• საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
• საუკეთესო ანიმაციური ფილმი
• სტუდენტური ჟიურის პრიზი

ასევე გაიცემა სპეციალური დიპლომები: საუკეთესო ხმის დიზაინისთვის, საუკეთესო ოპერატორისთვის და საუკეთესო რეჟისორისთვის.
დაჯილდოება უნივერსიტეტის II კორპუსის ეზოში (დავით აღმაშენებლის გამზირი #40) გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე ნაჩვენები იქნება 2024 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმი.
ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

პარტნიორები: საქართველოს კინოაკადემია, ლეპერტი, რადიო ფორტუნა, „შავი ლომი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები