„ფესვების” 7 მოცეკვავე – გიორგი გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით, მიწვეულია მონაწილეობის მისაღებად ოპერაში “აიდა”
2024 წლის 18 ივნისიდან ამავე წლის 25 აგვისტომდე, „ფესვების” 7 მოცეკვავე – გიორგი გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით, მიწვეულია მონაწილეობის მისაღებად ოპერაში „აიდა”.
ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლი „ფესვები” ავრცელებს.
„ეს პირველი შემთხვევაა ამ უდიდებულეს ოპერაში ქართველი მოცეკვავეების ჩართულობისა. „ფესვების” თავდაუზოგავმა შრომამ წლების მანძილზე შედეგი გამოიღო და ის პიონერია ამ პროექტში, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში – ამერიკის შტატებსა, ევროპის ქალაქებსა თუ საქართველოში.
2023 წლის ზაფხულში დაგვიკავშირდა ამ პროექტის დირექტორი და შემოგვთავაზა მონაწილეობის მიღება შვიდი მოცეკვავით. 2018 წელს „ფესვებს” ჰქონდა ბედნიერება იმავე დირექტორთან ურთიერთობისა, რომელმაც დადგა ოპერა „დემონი” Bard Colleges ცნობილ თეატრში Fisher Theater და ისინი 12 მოცეკვავით მიიწვია.
ძალიან კმაყოფილი იყო „ფესვების” მოცეკვავეების შრომით, ნიჭიერებით, ყოფაქცევით და მაყურებელთა ოვაციებით ჩვენი მოცეკვავეების გამოსვლის დროს. უამრავი ჟურნალ-გაზეთი და კრიტიკოსი ესწრებოდა ამ ოპერის წარმოდგენებს, რომელთაც არასდროს გამოჰპარვიათ „ფესვების” მოცეკვავეების უბადლო შესრულება და შორენა ბარბაქაძის ქორეოგრაფია ოპერის მუსიკის თანხლებით. ისიც კი დაიწერა, რომ „დემონის“ ეს ვერსია თავისუფლად ჩაანაცვლებდა რომელიმე ოპერას მეტროპოლიტენში (ამ ჟურნალებიდან ყველა ამონაწერები შენახული მაქვს). მოკლედ, უკვე კარგად იცნობდნენ „ფესვების” წარმომადგენლებს, მათ შრომას და ნიჭიერებას. ყველაფერი გააკეთეს, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო და დღეს ჩვენი ამერიკელი- ქართველი, (ყურადღებას ნამდვილად ვამახვილებ ამერიკელ-ქართველობაზე) მოცეკვავეები გადიან რეპეტიციებს უკვე იმ სცენაზე, საიდანაც მაყურებელს სასწაული სანახაობა ელოდება 10 ივლისიდან.
200-მდე მონაწილეა ამ ოპერაში შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნიდან და გასახარი კიდევ ის არის, რომ მეფის როლს ქართველი ოპერის მომღერალი ასრულებს. „ფესვები” იყო პირველი ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია ნიუ-იორკში და ეს მიწვევებიც იმის შედეგია, რომ „ფესვების” ხელმძღვანელობას 24-25 წლის განმავლობაში, დაწყების დღიდან, მის მოცეკვავეებს, მომღერლებს და მათ მშობლებს ერთად არ დაზარებიათ ქართული კულტურის წარდგენა და ქომაგობა, თუნდაც ცხრა მთას იქით ყოფილიყო წასასვლელი.
საამაყოა, რომ დღეს ჩვენი შვილი, გიო გოდერძიშვილი, ამერიკაში დაბადებული პატარა ქართველი ხელმძღვანელობს „ფესვების” მცირე ჯგუფს და დიდად ასახელებენ ქართველობას თავისი ყველაფრით”, – აღნიშნულია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.