ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გრძელდება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის მამულში ქართული ფესტივალის მეხუთე კვირა საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დაიწყო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივნისს ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ ცნობილ ვეტერან ხელბურთელებს, ლევან გელაშვილსა და შოთა თევზაძეს. სპორტსმენებმა საჩვენებელი თამაში გამართეს.
გაიმართა ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი. ქართული ქორეოგრაფიის ნიმუშები წარმოადგინა ანსამბლ „ერისიონთან“ არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაპრებმა“. საღამო ქართული პოლიფონიით დასრულდა – მაყურებლის წინაშე ანსამბლი „დიდგორი“ წარდგა. უნდა აღინიშნოს რომ ანსამბლები პირველად მონაწილეობდნენ ლევილის ფესტივალში. ქართულმა მრავალხმიანმა სიმღერამ და ქორეოგრაფიამ მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების შემდეგ ანსამბლ „მართვეს” მომღერლები ანსამბლ „ლაპრების” მოცეკვავეებთან ერთად ლევილის ქართულ სასაფლაოზე იყვნენ. მომღერლებმა „ჩემო კარგო ქვეყანავ” შეასრულეს.
ფესტივალის სტუმრებს შორის არიან: საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი, რომელიც ლევილის მამულში დაცულ სხვადასხვა პერიოდის წერილობით დოკუმენტაციასა და წიგნად ფონდს ეცნობა, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე და სხვ.
„ინფორმაციისთვის: 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ლევილის ქართველთა მამული ქართულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე – მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი. ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრობს. ღონისძიებების სტუმრებს შორის არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.
წლევანდელ ფესტივალში ორი თვის მანძილზე 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები თუ შემოქმედებითი ჯგუფები. სპორტის არაერთ სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს. შვიდი სტუდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში სტუმრობდა კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებულ პირველ შემოქმედებით რეზიდენციას და მათ მიერ იქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.