პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ.ჯ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურამ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ.ჯ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო.

მზევინარ ჯაფარიძე 2010 წლის 7 ივლისს, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა. მოგვიანებით, ამავე მუხლით, დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით ჯ. ჯ და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, კანადის მოქალაქე უ.ს-მ მესტიის რაიონის დაბა მესტიაში შეიძინა ტურისტული ბაზა “უშბა” და მის სახელზე არსებული ქონების მართვაში, თავის მინდობილ პირად – დ.ქ. დანიშნა.

მესტიაში ყოფნისას დ.ქ.-მ გაარკვია, რომ დაბა მესტიის ზოგიერთ მკვიდრს გარკვეული პრეტენზია გააჩნდა ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, დ.ქ. სასტუმრო “მესტიაში” შეხვდა ნელი ნავერიანს, შ. ჯ. – ს, დ. ჯ. -ს, ტ. ჯ.-ს და მათ ნათესავებს. შეხვედრისას დ.ქ.-მ აღნიშნულ პირებს განუმარტა, რომ ტურისტული ბაზა “უშბა” მისმა პარტნიორმა შეიძინა კანონის შესაბამისად, თვითონ კი იყო მესაკუთრის წარმომადგენელი და აპირებდა ბაზის ამუშავებას. მსჯავრდების საქმის თანახმად, ნელი ნავერიანმა და შეხვედრაზე მყოფმა სხვა პირებმა დ.ქ. -ს განუცხადეს, რომ მათ არ გააჩნდათ დასახელებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ზემოხსენებული ტურისტული ბაზა წარსულში ეკუთვნოდა მათ და მათ წინაპრებს. მსჯავრდების საქმის მიხედვით, ტურისტული ბაზის მართვის განხორციელებისა და ბაზაზე სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად მოცემულმა პირებმა ძალადობის მუქარით დ.ქ. -ს მოსთხოვეს მათთვის 220 000 ლარი გადაეხადა.

2010 წლის 7 ივლისს დ.ქ. სასტუმრო “მესტიაში” შეხვდა შ. ჯ. – ს, დ. ჯ. -ს და ტ. ჯ.-ს და მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 70 000 ლარი გადასცა. თანხის გადაცემის დროს სამართალდამცავებმა აღნიშნული პირები დააკავეს, ხოლო მზევინარ ჯაფარიძე დაკავებული იქნა საკუთარ სახლში. ამავე საქმეზე ჯ.ჯ-ს მოგვიანებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და გამოცხადდა ძებნა.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი დ.ქ.-სთან შეხვედრებისას მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით წარმოშობილი დავის, სამართლებრივი ფორმით დარეგულირებასთან დაკავშირებით და ითხოვდა საქმეში ადვოკატების ჩართვას. გარდა აღნიშნულისა, გამოძიებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანს, მზევინარ ჯაფარიძეს და ჯ.ჯ-ს არათუ არ მოუთხოვიათ მათთვის რაიმე თანხის გადაცემა, არამედ არც დასწრებიან შეხვედრებს, რომელზეც დ.ქ.-ს მიერ სხვა მსჯავრდებული პირებისთვის თანხის გადაცემა განხორციელდა. ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სრულად გამოირიცხა მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ. ჯ.-ს მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

2023 წლის 30 მარტს, პროკურატურამ, ნელი ნავერიანის მიმართ განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ნელი ნავერიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურამ, ამავე საქმეზე მსჯავრდებულების, მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ. ჯ-ს მიმართ გამოიტანა დადგენილება მათი უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 485 პირი, რომელთაგან 333 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 124 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 121 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები