ნათია მეზვრიშვილი: ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ლელოს,“ გვინდა, რომ არ „განაცდეს“

ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ლელოს,“ გვინდა, რომ არ „განაცდეს“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თქმით, დროა, ქვეყანაში ორპოლუსიანობა დასრულდეს და პარლამენტი ისეთი პარტიებით დაკომპლექტდეს, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ იქნება კავშირში.

„საკითხი ძალიან მარტივად დგას – ჩვენ ჩვენი პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენ დავრეგისტრირდით დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად. როგორც ვამბობდით, დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ მარტივად ვთქვით, რომ ვერ იქნება გაერთიანებებზე საუბარი, იგივე „ლელოსთან“, თუ პირველ რიგში, არ გამოინახა ერთობლივი თანამშრომლობის კვეთის წერტილები. ეს თანამშრომლობა რა ფორმატში იქნება, შემდგომი პროცესის განვითარების საკითხია. ეს ვთქვით ერთადერთი მიზეზის გამო – ჩვენთვის არის წითელი ხაზები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ – აქ ახალი არაფერია, ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია. ის, რომ იდეოლოგიურად „ლელო,“ სხვა პარტიებთან შედარებით, ჩვენთან ყველაზე ახლოს არის, არც ეს არის ახალი. ვიღაცისთვის არსებობს პირადი დღის წესრიგი, ჩვენ მარტივი, პრაგმატული ხედვიდან ამოვედით. ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ლელოს,“ გვინდა, რომ ეს პარტია არ „განაცდეს“ ან ბოლომდე არ „განაცდეს“, რადგან გვახსოვს, რომ კოალიცია ჰქონდათ 2021 წლის არჩევნებზე. ჩვენ რომ წითელი ხაზები გვქონდა გავლებული, მათ ეს მკაფიო ხაზები არ ჰქონდათ გავლებული. 2021 წლის არჩევნებზე ერთ სცენაზე იდგნენ, გაერთიანდნენ ნიკა მელიასთან. ჩვენ გვინდა, რომ ამ პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, მოხვდეს პარლამენტში ისე, რომ არ „განაცდეს.“ ეს არ არის ერთადერთი კეთილი ზრახვა, რომელიც გაგვაჩნია. აქ მთავარი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ისეთი პოლიტიკური პარტია მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, არც ამ პარტიის გუშინდელ დღესა და დღევანდელ განშტოებას წარმოადგენს და არც „ქართული ოცნების“ სატელიტია, იმიტომ, რომ ორპოლუსიანობა შედის „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში. ჩვენ ვხედავთ პრემიერს, მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და ცდილობენ, საზოგადოებაში დალექონ აზრი, თითქოს მხოლოდ ორი პარტიაა, რომელიც ბარიერს გადალახავს. ეს მათი ინტერესია და ამაში შესანიშნავად ეხმარება „ნაციონალური მოძრაობის“ საავადმყოფოში მყოფი ლიდერი“ , – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები