პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 10 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.

“ბრალდებულებისგან შემდგარმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის ქონების გათეთრება. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები, რომელიც ემსახურებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების შენიღბვას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ ბრუნვაში ლეგალური სახით აკუმულირებას.
რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა.
საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ბრალდებულებმა თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს უკანასკნელი კი, თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა.
ასევე, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით, სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა.
ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, თითქოსდა ლეგალური გზით მიღებული თანხებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სახელით ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და ბრალდებულების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიძინა დაახლოებით 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე შეძენილია დაახლოებით 800.000 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები.
ზემოხსენებული ქონებების ღირებულება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სრულად იქნა გადახდილი. აღნიშნული ქმედებებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფულადი თანხის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი და სამ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება მიიღეს.
გამოძიების მიმდინარეობისას, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. პროკურატურა, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2024 წლის 10 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით, საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა, რაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. აღნიშნული ტვირთი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელზე იგზავნებოდა, რომელიც ტვირთის გატარების მიზნით, დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდა, რათა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ზემოხსენებული სქემით მომხდარიყო.
დაკავებულებს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები