მეძავი, პრინცესა და მკვლელი – მარგარეტ ალიბერტის საინტერესო ცხოვრება
მარგარეტ ალიბერტის ისტორია ბევრმა არ იცის. პატარა ასაკიდან მოგზაურობდა, იყო მეძავი და გააჩინა ბავშვი უცნობი პირისგან. მოგვიანებით, მან ინგლისის პრინცის ყურადღების მიპყრობა შეძლო, ხოლო არსიტოკრატიის სხვა წარმომადგენელზე გათხოვებაც კი მოახერხა.
რით გაითქვა სახელი მარგარეტმა და როგორ მოახერხა „წყლიდან მშრალად გამოსვლა“ მეუღლის მოკვლის შემდეგ? დღეს ამ ყველაფერს გიამბობთ.
მარგარეტ ალიბერტი, იგივე მეგი მელერი, დაიბადა 1890 წლის 9 დეკემბერს პარიზში, მეჯინიბის და დამლაგებლის ოჯახში. მარგარეტის ბავშვობას „უღრუბლოს“ ვერ უწოდებ: ოთხი წლის ასაკში მისი ძმა სატვირთო მანქანის ქვეშ მოყვა და დაიღუპა. ბიჭუნას სიკვდილში მარგარეტი დაადანაშაულეს, ვინაიდან მას თვალყური უნდა ედევნებინა უმცროსი ძმისთვის, გოგონამ კი, ეს ვერ მოახერხა…
შედეგად, მშობლებმა გოგონა სკოლა-ინტერნატში გაგზავნეს, სადაც ის 16 წლამდე სწავლობდა. პარალელურად, მომავალი პრინცესა მეზობლის სახლში დამხმარედ მუშაობდა, მაგრამ ძალიან მალე გამოაგდეს, ვინაიდან უცნობი მამაკაცისგან დაორსულდა. მიუხედავად გაკიცხვისა, მარგარეტმა ბავშვის დატოვება გადაწყვიტა.
მის ქალიშვილს რაიმონდა ერქვა. გოგონა საფრანგეთში, ფერმაში გაგზავნეს, ხოლო მარგარეტი სახლ-კარის და ფულის გარეშე დარჩა. იმისთვის, რომ რაღაცით ეარსება, მარგარეტი Maison de Rendez-vous-ის ბორდელში დასაქმდა, რომელიც ცნობილ მადამ დენარტს ეკუთვნოდა. ეს დაწესებულება განთქმული იყო იმით, რომ, ძირითადად, მხოლოდ მდიდარ კლიენტებს ემსახურებოდა.
ბორდელის მეპატრონემ ძალიან მალე დაინახა გოგონას „ნიჭი“, ამიტომ გადაწყვიტა, მისგან ნომერ პირველი მეძავი შეექმნა. როდესაც მარგარეტი 17 წლის იყო, თავის პირველ მეუღლეს შეხვდა და მისი გვარი – მილერი მიიღო. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათი შეხვედრის მომენტში ის უკვე დაქორწინებული იყო, ამიტომ, ტექნიკურად, გოგონა მაინც ალიბერტი დარჩა. მდიდარმა თაყვანისმცემელმა მისთვის ბინა იყიდა და საჩუქრებით აავსო, მაგრამ ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1913 წელს ისინი დაშორდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, განშორების მიზეზი მარგარეტის ღალატი გახდა.
შემდეგ მან კვლავ ბორდელში გააგრძელა მუშაობა, რადგან უკვე მაღალი კლასის მეძავის სტატუსი ჰქონდა. 1917 წელს ახალი რომანი დაიწყო. ამჯერად მარგარეტის რჩეული თავად პრინცი ედვარდ VIII გახდა, რომელიც მაშინ ბრიტანულ ჯარში მსახურობდა და საფრანგეთში იყო გაჩერებული. ედუარდი 23 წლის გახლდათ და გოგონებთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება არ ჰქონდა, ამიტომ მეგობრებმა გადაწყვიტეს, მისთვის პატარა „გაკვეთილი“ ჩაეტარებინათ. ამისთვის მადამ დენარტის ბორდელიდან საუკეთესო მეძავი გამოუძახეს.
პრინცს ქალი იმდენად მოეწონა, რომ მასთან რომანი გააბა. თუმცა, ვნება ისევე მალე გაქრა, როგორც გაჩნდა.
მარგარეტს ამაზე დიდად არ უნერვიულია, რადგან მას თაყვანს სცემდნენ სხვა საკმარისად მდიდარი მამაკაცები, რომლებიც გოგონას მდიდრული საჩუქრებით ანებივრებდნენ. თუმცა, მას ყოველთვის მეტი სურდა…
1921 წელს ქალს შანსი გამოუჩნდა, მთელი ცხოვრება უზრუნველად გაეტარებინა. ზუსტად მაშინ მარგარეტ ალიბერტი წარუდგინეს ეგვიპტის პრინცსს, ალი კამელ ფახმი ბეის. გოგონა ერთ-ერთ მდიდარ ბიზნესმენს ახლდა თან, მაგრამ პრინცი იმდენად მოაჯადოვა მისმა სილამაზემ, რომ მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ალი კამელ ფახმი მეი, რეალურად, არ იყო პრინცი. მან თავისი წოდება „ბეი“ მხოლოდ სიმდიდრის გამო მიიღო. მარგარეტთან შეხვედრის შემდეგ ალი კაიროში დაბრუნდა და გარკვეული დროის განმავლობაში გართობას აგრძელებდა. ამბობდნენ, რომ მილიონერს ძალიან მოსწონდა მდიდრული მანქანები, გემები და აზარტული თამაშები. 1922 წელს მან გოგონასთან შეხვედრის ორგანიზება მოახერხა და განაცხადა, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო.
პრინცისგან ხელის თხოვნის მიღების შემდეგ მარგარეტი დიდხანს მერყეობდა, მაგრამ დათანხმდა. შეუღლების ცერემონია ისლამური ტრადიციების საფუძველზე ჩატარდა, მაგრამ პარტნიორებმა საქორწინო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ მარგარეტს შეეძლო, ეტარებინა დასავლური ტანსაცმელი და უფლება ჰქონდა, ნებისმიერ დროს მოეთხოვა განქორწინება.
თუმცა, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ეს პუნქტი შეთანხმებიდან გაქრა, შემდეგ მის ადგილას გაჩნდა პუნქტი, რომლის თანახმადაც, პრინც ალის რამდენიმე ქალზე ერთდროულად შეეძლო ქორწინება. მიუხედავად ამისა, ქორწილი შედგა და მარგარეტმა თავისი ნებით მიიღო ისლამი. მეძავის და პრინცის ქორწინებას ბედნიერს ვერ დაარქმევდით. ალის სურდა,მისი მეუღლე ყოველთვის დამორჩილებოდა, ხოლო თავისუფალი, დამოუკიდებელი მარგარეტისთვის ეს ამოცანა შეუსრულებელი იყო. მოგვიანებით, ის ჰყვებოდა, რომ მეუღლე სცემდა, ხანდახან გამვლელების თვალწინაც კი.
უბედური ქორწინება ეგვიპტელ ტირანთან თავის ლოგიკურ დასასრულამდე 1923 წლის 9 ივნისს მივიდა. იმ დღეს წყვილი ლონდონის სასტუმრო „სავაში“ გაჩერდა, სადაც მიმდინარეობდა გამოფენა „ბედნიერი ქვრივი“. მათი კამათი ჯერ კიდევ რესტორანში დაიწყო და ნომერში გაგრძელდა. დილით სასტუმროს თანამშრომლებმა მათი ნომრიდან სამი გასროლის ხმა გაიგეს. მარგარეტ ალიბერტმა თავის მეუღლეს ნახევრად ავტომატური პისტოლეტიდან რამდენიმე ტყვია ესროლა. მისი ბედი, თითქმის, გადაწყვეტილი იყო – ქალს სიკვდილით დასჯა ელოდა.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ გახლდათ. 10-კვირიანი სასამართლო გარჩევის შემდეგ მარგარეტი უდანაშაულოდ ცნეს და მეუღლის მკვლელობა თავდაცვას მიაწერეს. ეს შესაძლოა, იმის გამო მოხდა, რომ მას ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადვოკატი ედუარდ მარშალ ჰოლი იცავდა ან იმიტომ, რომ მარგარეტს შენახული ჰქონდა 20-მდე წერილი პრინც ედუარდისგან, რომლებშიც არა მხოლოდ ინტიმური დეტალები ინახებოდა, არამედ პრინცის მხრიდან ინგლისის მეფის კრიტიკასაც წააწყდებოდით.
მოკლედ, მარგარეტი გაამართლეს და ციხიდან ძალიან მალე გამოუშვეს. ქალი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ცხოვრების ბოლომდე იქ დარჩა. 80 წლის ასაკამდე ალიბერტი პრინცესას ტიტულს ატარებდა და კვლავ მდიდარ მამაკაცებს ხიბლავდა.