ლია ბაგრატიონის ფერწერული ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება

17 ივნისს, 18:00 საათზე, ATINATI-ს კულტურის ცენტრში ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლია ბაგრატიონი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელსაც შემოქმედებითი გზის სხვადასხვა ეტაპზე არაერთ მედიუმში უმუშავია. წლების მანძილზე მისი მთავარი სამეტყველო ენა თიხა იყო. მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 2000-იანებიდან აქტიურად იფინება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. განათლებით კერამიკოსი ისტორიულ მეხსიერებაზე აფუძნებს შემოქმედებით ექსპერიმენტებს და ამიტომ მისი ნამუშევრები ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვეობის გადააზრებაა. ის ამისთვის თამამად იყენებს – ქსოვილს, ვიდეო პერფორმანსს, ინსტალაციას, ობიექტს, ქანდაკებას და ფოტოგრაფიას.
ლია ბაგრატიონი ფერწერულ სერიას სახელწოდებით -“ცა ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო” ან ხედი ჩემი ფანჯრიდან – პირველად ATINATI-ის კულტურის ცენტრში წარადგენს. სერია სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა და სრულ სურათს ქმნის ფერწერაში არტისტის შემოქმედებით ძიებებსა და ხედვაზე.
„არ მიყვარს კომფორტის ზონა და მუდმივად ვცდილობ ამ მდგომარეობას გავექცე”. ლ. ბაგრატიონი
არტისტი რომ დაეუფლოს სისავსეს, თითქოს სჭირდება სიცარიელე. მისთვის თავისუფლება მუდმივი საზღვრის ძიებაა.
ექსპოზიცია სახელწოდებით – „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო” ან ხედი ჩემი ფანჯრიდან – ეს მხატვრის საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან დანახული ერთი და იგივე ხედია, რომელიც ფერწერულ ტილოებზე ასახა. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე ცენტრალური ადგილი უჭირავს ტილოს, რომელზედაც ასახულია არტისტის სახელოსნოში არსებული ფანჯარა. მხატვარი პერსონალური თვალსაწიერის ჰორიზონტისკენ გაახედებს დამთვალიერებელს სწორედ ფერადოვანი ლანდშაფტებით და ძალიან გააზრებული ჩარჩოებში მოქცეული საზღვრებით.
ლია ბაგრატიონი (1957) – თანამედროვე ქართველი არტისტი IAC-ის (კერამიკის საერთაშორისო აკადემიის) წევრია. ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდის „თიხის ოფისის“ თანადამფუძნებელი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კოლექციებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები