კულტურის სამინისტრო მსახიობ მზია არაბულს დაბადების დღეს ულოცავს

კულტურის სამინისტრო შესანიშნავ ქართველ მსახიობს, მზია არაბულს, გულითადად ულოცავს 70 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს.
მზია არაბული მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაარსებიდან დღემდე ამ თეატრის მსახიობია. მან თავისი სამსახიობო კარიერის მანძილზე არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა არა მარტო თეატრში, არამედ კინოშიც. მსახიობის თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია: შუშანიკი („შუშანიკის წამება“), მზეხა („წუთისოფელი ასეა“), ზენათი („ბაკულას ღორები“), ბერნარდა („ბერნარდა ალბას სახლი“), მარიამ მაგდალინელი („სერობა“), მთხრობელი („ნაციონალური ჰიმნი“), იპოლიტა („ზაფხულის ღამის სიზმარი“), მოყმის დედა („ბალადა ვეფხისა და მოყმისა“), ლალი სამკვირაშვილი („მწვანე ბარათი“). მან დადგა მონოსპექტაკლები „რამ შემქმნა ადამიანად“ და „ყველაფერი ნამდვილად იყო“.
მზია არაბული მონაწილეობს ფილმებში: „ესკულაპეს მოწაფე“ (ო. აბესაძე, 1977); „დაუვიწყარი დღე“ (თ. მაღალაშვილი, 1977), „წინაპართა მიწა“ (გ. ლორთქიფანიძე, გ. ჭოხონელიძე, 1979), „ზღაპარი“ (კ. სურმავა, 1980), „მოხუცი მემანქანე“ (თ. გოშაძე, 1981), „სიბრძნის კარავი“ (ო. კობერიძე, 1982), „ამბავი სურამის ციხისა“ (ს. ფარაჯანოვი, დ. აბაშიძე, 1984), „ადამიანთა სევდა“ (გ. ჩოხელი, 1984), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (პ. ჩარკვიანი, 1984), „ხარება და გოგია“ (გ. შენგელაია, 1987), „ვამეხი და გოგია“ (ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1987), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რ. ჩხეიძე, 1989), „ლოლიტა“ (რ. გიორგობიანი, 1991), „გზაჯვარედინზე“ (რ. ლევან აკინი, 2024).
15 ივნისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მზია არაბულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება საიუბილეო წარმოდგენა. მაყურებელი ნახავს მონოსპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო“, რომელიც რეჟისორმა იოანე (ვანო) ხუციშვილმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დადგა და 2023 წელს ლევილის ქართულ ფესტივალზე წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები