ეროვნული არქივის კინოდარბაზში დიდი ქართველი კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის, დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში სახელგანთქმული ქართველი კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის – „და ესე გავხდი საბავშვო“ – პრემიერა გაიმართა. ფილმის რეჟისორია დიმიტრი ბუთლიაშვილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. საღამოს ასევე ესწრებოდნენ კომპოზიტორის ოჯახის წევრები, ახლობლები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

დოკუმენტური ფილმის „და ესე გავხდი საბავშვო“ დასრულება კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. კერძოდ, პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში – „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“. ამ კონკურსის მიზანია სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური კინოს განვითარების მხარდაჭერა და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება.

ფილმი წარმოაჩენს ბრწყინვალე საბავშვო კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის ცხოვრებასა და მის ბევრისათვის საყვარელ და ნაცნობ მუსიკალურ შემოქმედებას.

მერი დავითაშვილი 1973 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1994), ასოცირებული პროფესორი (2006).

კომპოზიტორის შემოქმედება მრავალმხრივია და ის აერთიანებს საორკესტრო, კამერულ-ინსტრუმენტულ, საოპერო, საგუნდო მუსიკას. მან შექმნა საორკესტრო სიუიტები „გელათი“, „მშვიდობისათვის“; სიმფონიური სურათი „დილა ბაკურიანში“; „რწყილი და ჭიანჭველა“ სიმფონიური ორკესტრისა და მკითხველისათვის; ინსტრუმენტული კონცერტები: „ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის“, „პოემა ვიოლინოსა და ორკესტრისათვის“; საფორტეპიანო ტრიო, სიმებიანი კვარტეტი, 20 პიესა ფორტეპიანოსათვის, 50-ზე მეტი საგუნდო ნაწარმოები, ასევე, რომანსები ტიციან ტაბიძის, მურმან ლებანიძის, ალექსანდრე საჯაიას ლექსებზე.

მერი დავითაშვილი არის ორი საბავშვო ოპერის – „ქაჯანასა“ (ლიბრეტოს ავტორი რ. თაბუკაშვილი) და „ნაცარქექიას“ (ლიბრეტოს ავტორი ს. ჭეიშვილი) ავტორი; შექმნა 150-ზე მეტი საბავშვო სიმღერა, მუსიკა პოპულარული ქართული ანიმაციური ფილმებისათვის: „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „ნახევარწიწილა“, „სათაგური“ და სხვა; დაწერა მუსიკა არაერთი ტელეფილმისა თუ დრამატული სპექტაკლისთვის; ასევე, შექმნა საბავშვო ვოკალური ციკლები. ცნობილი კომპოზიტორი აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის, ბორჯომის, გორის, ცხინვალის, ქუთაისის თოჯინების თეატრებთან.

საგულისხმოა, რომ 1972 წელს მერი დავითაშვილმა დააარსა საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეული, რომელსაც 2010 წლიდან კომპოზიტორის სახელი მიენიჭა.

მერი დავითაშვილი იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1968 წლიდან 1990 წლამდე – გამგეობის მდივანი). 1981 წელს მას მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1994 წელს – იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია. 1997 წელს კომპოზიტორი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს მერი დავითაშვილის ხსოვნასა და მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილ მის უდიდეს წვლილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები