“ოპოზიცია ეცდება – წაგება, რისი შანსიც გაცილებით მატია, ვიდრე პირიქით, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებას გადააბრალოს” – ცუცქირიძე
‘პარასკევს გაზეთმა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის საბჭოს, დაიწყოს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 1-ელ ივლისამდე, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე როტაციით უნგრეთი უნდა გახდეს”, – წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე.
უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პირობები იყო ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირების კუთვნილი აქტივების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.
ეს მოხსენება მეტად საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ საერთოდ არ არის ნახსენები საქართველო. საქართველოს არ ხსენება და იგნორი წინააღმდეგობაშია თუნდაც მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ატლანტიკური საბჭოს სულ ახლახან გამოქვეყნებულ მოხსებებასთან, რომლის მიხედვითაც 2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში სულაც პირველ ადგილზეა და გადის იმ ქვეყნებში რომელსაც თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ორგანიზაცია ქვეყნებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. ანუ ფაქტიურად ყველა იმ კრიტერიუმით რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ისედაც ითვალისწინებს!
აქვე განვმარტავ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების დაჩქარება გამოწვეულია უკრაინაში ეთნიკური უმცირესობების პრობლემის გამო. ბუდაპეშტი სავარაუდოდ დაუპირისპირდებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, და არა მხოლოდ რუსული გავლენების, რაზეც ხდება ხშირად აქცენტების გადატანა, არამედ დასავლეთ უკრაინაში უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების კუთხით არსებული პრობლემების გამო.
თავად ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების რეიტინგში საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც თავისუფლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ბუნებრივია, აქ მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა არ იგულისხმება. ჩვენ წინ ვართ ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ალბანეთი, სერბეთი, კოსოვო და თურქეთია. გარდა იმისა, რომ ვუსწრებთ ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ვუსწრებთ პოლონეთს და უნგრეთსაც, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ბალტიისპირეთის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრები არიან, მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით.
მიმაჩნია, რომ მარტო ეს კვლევაც, რომელიც ეყრდნობა წამყვანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების შეფასებებს, საკმარისი იქნებოდა ყოველგვარი წინაპირობის თუ მორიგი საშინაო დავალების გარეშე, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ბრიუსელის მხრიდან შესაბამისი ნებელობის არსებობისას. ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისათვის დასანქცირების გადაწყვეტილებაც ამ პოლიტიკურ კონტექსტშია განსახილველი.
თავის მხრივ, ეს ფაქტი ბადებს სერიოზულ ეჭვებს, რომ ზაფხულში სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების მოტივი და ვითომდა დაპირებული რეფორმების ჩაგდება გახდებოდა საპროტესტო გამოსვლების დაწყების მიზეზი. ამ შემთხვევაში “გამჭვირვალობის კანონთან” შედარებით, გაცილებით მეტი საპროტესტო მუხტი აგორდებოდა, რადგან თუ პროტესტანტების ნაწილმა ბოლომდე მაინც ვერ გაიგო თუ რატომ იყო კანონი მაინც და მაინც რუსული, ამ შემთხვევაში მთავარი პოლიტიკური მესიჯბოქსები ხელისუფლების ღია დადანაშაულებაში აისახებოდა, რომელმაც გადაუხვია ევროპულ გზას და პირდაპირ ბმაში იქნებოდა იანუკოვიჩის მაგალითთან ანუ მწვანე აენთებოდა ქართულ მაიდანს!
მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარისას ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდებოდა აგორებული საპროტესტო მუხტის დაწევა, პროტესტს ბევრი ის ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანიც შეუერთდებოდა, ვინც დღეს შეიძლება “ქართულ ოცნებას” მხარს არ უჭერდეს, მაგრამ არც ოპოზიციური გაურკვეველი ალტერნატივით არის მოხიბლული!
პოლიტიკური პროცესების პინა ხშირად დასწრებაზეა გათვლილი. თავის მხრივ, მოვლემების განვითარება გვიჩვენებს, არჩევნებამდე ასე ადრე თუ რატომ აიტკივა ხელისუფლებამ აუტკივარი თავი “გამჭვირვალობის კანონის” ინიცირებით და მიღებით. ერთადერთი შედარებით ლოგიკური ახსნა ამას შეიძლება სწორედ ზაფხულში პროცესების ესკალაციური განვითარების მოლოდინი ყოფილიყო. მართალია, დღეს პროცესები შედარებით მშვიდ გარემოში გადავიდა, და ეს რაუნდიც ხელისუფლებამ უფრო მოიგო, ვიდრე წააგო, თუმცა მისი ბოლო აკორდი ოქტომბერში იქნება.
ბუნებრივია, ოპოზიცია ეცდება – წაგება, რისი შანსიც გაცილებით მატია, ვიდრე პირიქით, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებას გადააბრალოს და საერთაშორისო ზეწოლით, მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნით ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის დაკარგვაც ახლა უკვე ამ ფაქტორს დაუკავშიროს, რაც უნდა გახდეს ახალი საპროტესტო ტალღის აგორების და ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების ინსპირატორი…
კარგია, რომ ახლა უკვე ყველაფერი ღია კარტებით თამაშდება, დანარჩენს კი, თუ როგორი იქნება საზოგადოების გადაწყვეტილება, ყველაზე უკეთ ოქტომბერი წარმოაჩენს!
საქართველო მაინც გაიმარჯვებს, ყველაფერი კარგად იქნება!”, – წერს ცუცქირიძე.