შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას

ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი. ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარია არა საკუთარი ქვეყნის ინტერესი, არამედ უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმიდვნის აწეული წარბი და ნათქვამი სიტყვები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მოღალატე ოპოზიციას საბოლოოდ დაასანქცირებს.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ეს კი ნამდვილად საინტერესოა მთლიან პროცესში. აქ ყველაზე მეტად საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია. ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი. ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარია არა საკუთარი ქვეყნის ინტერესი, არამედ უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმიდვნის აწეული წარბი და ნათქვამი სიტყვები. ასე არიან სამწუხაროდ ოპოზიციაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან, მათი მარტო გვარი და სახელია ქართული, დანარჩენი სხვა – არიან ჩვეულებრივი მარიონეტები უცხო ქვეყნის ხელში. ასეთები იყვნენ სინამდვილეში 2012 წლამდე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. იყვნენ მარიონეტები სხვების ხელში და ახლა არიან მარიონეტები ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მარიონეტულ მთავრობებს არ დაუშვებს და ოპოზიცია ამიტომაც საბოლოოდ დასანქცირდება 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ათობით საქართველოს მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, რომლის პირველი პაკეტი „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები