შალვა პაპუაშვილი – სავიზო შეზღუდვებზე: გუშინ მოვისმინეთ, რომ ორი დუჟინი ქართველი ისე დასანქცირდა, არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები

არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ამერიკას 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა და სამწუხაროა, რომ საპასუხოდ არასერიოზულ განცხადებებსა თუ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.

„საერთო ჯამში, რასაც ვსაუბრობდით, ისე ხდება. არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. არასერიოზულია და მე ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ მიდგომებს ვხედავ. ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ეზრუნა, რომ გამოესწორებინა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ვხედავთ არასერიოზულ ნაბიჯებს, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ამხელა ქვეყანას.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკას, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. სამწუხაროა, რომ ამ მეგობრობის პასუხად ჩვენ ვიღებთ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ათობით საქართველოს მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, რომლის პირველი პაკეტი „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები