შსს-მ პირუტყვის ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2 პირი – 1965 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი იმრან ა. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი სამირ კ. მარნეულში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში ბრალდებულებმა ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში ოთხ ოჯახს 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 10 ხბო და 7 ძროხა მოპარეს და თეთრიწყაროში გაყიდეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ იმრან ა. დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაყიდულ პირუტყვს მიაკვლიეს და პატრონებს დაუბრუნეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fBZFcGBHV6s&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები