კაია კალასი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის საკითხი მთავრობასთან არ განუხილავს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას საქართველოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის საკითხი მთავრობასთან არ განუხილავს.

კალასმა უპასუხა დეპუტატ ლაური ლაატსის კითხვას, რომელმაც პრემიერს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა ეს მინისტრის მხრიდან სათანადო ქცევად და იყო თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის ეს ნაბიჯი წინასწარ შეთანხმებული.

„წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც სხვა ქვეყნის, მაგალითად საქართველოს ან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდოდა ჩვენთან კაია კალასის მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე. როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია? ასევე მაინტერესებს, შეთანხმებული ჰქონდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრს საკუთარი გეგმები თუ ეს სპონტანური ქმედება იყო?“ – იკითხა ლაური ლაატსმა.

კალასის თქმით, ცაჰკნას ხელისუფლებასთან დემონსტრაციაში მონაწილეობაზე არ უსაუბრია.

„განიხილა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო აქციაზე დასწრება? არა, არ განუხილავს ეს საკითხი, მაგრამ, რაც ცხადია, არის ის, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, გარკვეული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი რეფორმებთან მიმართებაში იღებენ, არასწორი მიმართულებით მიდის. ეს აღარ არის შიდა ქართული საკითხი. აქ, რეალურად, მთელი ევროკავშირის სანდოობა ძევს სასწორზე.

მე არ განვსჯი ამ პერფორმანსს. რა თქმა უნდა, სტილი თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტი, რომ ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ საქართველოში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, ვფიქრობ, ეს სწორია, რომ ვაჩვენოთ, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ და საზოგადოებას სცენიდან მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები