თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია   თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს.
მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.
ფესტივალი კვლავაც უმასპინძლებს პროექტს – „მსახიობები ლიტერატურისთვის”, რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.
ფესტივალის ვიზიტორებს წელს ამერიკული განათლების კუთხე უმასპინძლებს, სადაც განათლების ცენტრის LEAF წარმომადგენლები აბიტურიენტებს უფასო კონსულტაციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ.
წელს პირველად ფესტივალის გარე სივრცეში, მე-4 და მე-5 პავილიონების წინ გაიმართება ფლიმარკეტი. ადგილობრივი მეწარმეები მკითხველსა და დამთვალიერებელს სხვადასხვა აქსესუარსა და ქართულ ნაწარმს შესთავაზებენ.
ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ფესტივალის ღონისძიებების პირდაპირი ჩართვა გაიმართება  ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები