უკრაინამ და ბელგიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

„დოკუმენტის მიხედვით, ბელგია წელს მინიმუმ 977 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, ამასთან, ბელგიის ვალდებულებაა უზრუნველყოს მხარდაჭერა შეთანხმების ათწლიანი ვადის განმავლობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება მოიცავს F-16 თვითმფრინავების მიწოდებას.

„პირველად, უსაფრთხოების ასეთი შეთანხმება განსაზღვრავს სამხედრო თვითმფრინავების კონკრეტულ რაოდენობას, რომელიც უკრაინას გადაეცემა – 30 ერთეული F-16 2028 წლამდე“, – წერია ინფორმაციაში.

ბელგია ასევე იძლევა გარანტიას, რომ უზრუნველყოფს დროულ დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებას, უკრაინის საჭიროებების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით, გაღრმავდება თანამშრომლობა დაზვერვის, კიბერუსაფრთხოების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები